კარიმ ბენზემა - იმაზე ახლოს წასვლასთან, ვიდრე ოდესმე
მადრიდის რეალში ფიქრობენ, რომ კარიმ ბენზემა გუნდიდან წასვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა.
Relevo-ს ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ამ ეტაპზე საკუთარ მომავალზე სერიოზულად ფიქრობს და უფრო ახლოს წასვლასთან არის, ვიდრე „რეალში" დარჩენასთან.
რეალის ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირს შემოთავაზება საუდის არაბეთიდან აქვს. ოქროს ბურთის მოქმედ გამარჯვებულს ორწლიან კონტრაქტში 200 მილიონ ევროს სთავაზობენ. მეტიც, წყარო აზუსტებს, რომ ეს შემოთავაზება საფეხბურთოს გაცილებით სცდება - ბენზემას სთავაზობენ, ქვეყნის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცეს.
გასული წლის ოქტომბერში, როცა ოქროს ბურთის გამარჯვებული ოფიციალურად გახდა, ბენზემამ რეალთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა, თუმცა საკუთარი მომავლის გადაწყვეტა პირადად შეუძლია - ამრიგად, თუ ის წასვლას გადაწყვეტს, კლუბი მის გადაწყვეტილებას პატივს სცემს და წინ არ აღუდგება.
კარიმ ბენზემა მადრიდის რეალში 2009 წელს გადავიდა და მას შემდეგ ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო, ასევე გახდა კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ასისტენტი.