სანდრო ტონალის მოახლოვებული გაყიდვის გამო, მილანი სამი ფეხბურთელის ტრანსფერზე ამუშავდა
სანდრო ტონალის „ნიუკასლში" სავარაუდო გაყიდვის გამო, „მილანი" სატრანსფერო ბაზარზე ამოქმედდა.
L'Equipe-ს ინფორმაციით, დიდი ალბათობით, „როსონერის" „ფენერბაჰჩეს" ახალგაზრდა შემტევი, არდა გიულერი შეუერთდება, რომლის გამოსასყიდიც 17.5 მილიონ ევროს შეადგენს და მას სხვადასხავ ევროპული გრანდები აკვირდებიან: „პსჟ", „ბარსელონა" და ეპლ-ს გუნდებიც.
თურქეთის სუპერლიგის 2022/23-სეზონში გიულერმა 20 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გარდა ამისა, Calciomercato წერს, რომ ტონალის გაყიდვის შემდეგ, „მილანს" ნახევარდაცვის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი და თვალი „სასუოლოს" შუახაზელს, დავიდე ფრატეზის დაადგა, რომლითაც „ინტერი" და „იუვენტუსიც" ინტერესდებიან, იტალიელი ფეხბურთელის ფასი 30-დან 40 მილიონამდე მერყეობს.
ხოლო მესამე ტრანსფერი, რომელზეც სტეფანო პიოლის გუნდი მუშაობს - მარკუს ტურამია. ფრანგი თავდამსხმელი ამჟამად თავისუფალი აგენტია მას შემდეგ, რაც „გლადბახთან" კონტრაქტი ამოეწურა, თუმცა მისთვის ბრძოლაში „როსონერის" კონკურენტი „პსჟ" იქნება.