ფერლან მენდის აგენტი: "ორი წლის წინ, მბაპეს აგენტი რომ ჰყოლოდა, უკვე რეალში იქნებოდა - ეს დედამისის საქმე არ უნდა იყოს"
მადრიდის „რეალის" მცველის, ფერლან მენდის აგენტმა, ივან ლე მიმ, კილიან მბაპეს დედა და შეთავსებით ინტერესების წარმომადგენელი, ფაიზა ლამარი გააკრიტიკა.
„ეს მისი საქმე არ არის, მან არ იცის როგორ იმოქმედოს. მეც მინდოდა რესტორნის გახსნა, მაგრამ საჭმლის კეთება არ ვიცი და ამიტომ, გადავიფიქრე.
რაღაც მომენტში ჯობია, რეალობას დაუბრუნდე და გააკეთო ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდის. იმისთვის, რომ შვილის, ან სხვა ფეხბურთელების ინტერესებს წარმოადგენდე, ლიცენზია უნდა აიღო.
დარწმუნებული ვარ, კილიან მბაპეს ორი წლის წინ, „რეალთან" მოლაპარაკებების დროს, აგენტი რომ ჰყოლოდა, დღეს ის უკვე ამ გუნდის ფეხბურთელი იქნებოდა.
როცა შესაბამისი წესები და ნორმები არ გაგაჩნია და ამ დროს, უდიდესი კლუბის წარმომადგენელს ისე ესაუბრები, როგორც ძველ ნაცნობს, დიდი შანსია ამან ვერ გაჭრას.
შესაძლოა, სულაც არ იცი, როგორ უნდა გაუმკლავდე ამ სიტუაციებს. ასე კი, კილიანი დღემდე პარიზშია და არც ისე ბედნიერი ჩანს იქ ყოფნით.", - აღნიშნა ივან ლე მიმ RMC Sport-თან ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, კილიანის დედამ სააგენტო გახსნა და ფეხბურთელების ინტერესების დაცვას აპირებს. მისი პირველი კლიენტები კი მისი შვილები კილიანი და ეთანი და ასევე, „ლიონის" ახალგაზრდა შემტევი, რაიან ჩერკი არიან.