ავტორიზაცია

ანჩელოტი იმედგაცრუებულია, რეალი კი მბაპეს თაობაზე - პრაქტიკულად უიმედოდ

ანჩელოტი იმედგაცრუებულია, რეალი კი მბაპეს თაობაზე - პრაქტიკულად უიმედოდ
თარიღი 28 Jun 2023, 23:31
The Athletic-ის ჟურნალისტი მარიო კორტეგანა მადრიდის „რეალის" სატრანსფერო აქტიურობაზე საკუთარ მოსაზრებას წერს. 

კარლო ანჩელოტისთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ იტალიელი ძალიან იმედგაცრუებულია იმით, რომ უდიდესი ალბათობით, ამ ზაფხულს „რეალი" აღარავის დაიმატებს.

ანჩელოტი ჰარი კეინს ითხოვდა, მაგრამ მწვრთნელს მაშინვე უთხრეს, რომ „ტოტენჰემის" პრეზიდენტთან მოლაპარაკებები რთული ამბავია. თანაც, მადრიდელთა ხელმძღვანელობამ თითქმის 30 წლის ფეხბურთელში, რომელსაც კონტრაქტით ერთი წელი აქვს დარჩენილი, 100-ზე მეტი მილიონის გადახდა არ მოისურვა.

კარლოს მოსწონს ოსიმენიც, თუმცა „რეალი" „ნაპოლის" ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ნამდვილად არ აპირებს. კლუბში ასევე ახსოვთ ლუკა იოვიჩის ჩავარდნილი ტრანსფერიც, რის გამოც ხელმძღვანელობა რანდალ კოლო მუანის ან მუსა დიაბის ტრანსფერებსაც ეჭვის თვალით უყურებს.

„რეალში" მიაჩნიათ, რომ მბაპეს წელს გადმოყვანის შანსი ძალიან მცირეა, რადგან „პსჟ-ს" წელსვე დატოვების შემთხვევაში, ფეხბურთელს ერთგულების 70-მილიონიან ბონუსზე მოუწევს უარის თქმა. ამის გამო, კლუბში ფიქრობენ, რომ 2024-მდე გუნდში დარჩენა - ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტია.

თუმცა, ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ, რომ მბაპეს შემთხვევაში სიტუაცია ხშირად იცვლება. განსხვავებული ინფორმაციების გამო რთული დასადგენია, რეალურად ვინ რას აპირებს. ამიტომ უნდა დაველოდოთ, სადამდე მიგვიყვანს ეს სიტუაცია.

შარშან, მბაპეს უფასოდ გადმოყვანაზე მუშაობისას, „რეალი" ფეხბურთელს ბონუსად 130 მილიონ ევროს პირდებოდა და ალბათ, გაისადაც იგივე პირობები იქნება. „პსჟ-ს" ერთგულების ბონუსის გათვალისწინებით, ის ხელფასის გარდა ცალკე 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ამის გამო, კარლო ანჩელოტიმ ტრადიციულ 4-3-3-ზე უარის თქმა და 4-4-2-ზე გადასვლა გადაწყვიტა, სადაც ორი შემტევი ვინისიუსი და როდრიგო იქნებიან.

კლუბის ზოგი ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ სჯობს ერთი სეზონი გარდამავალი გახდეს და „ცხრიანის" როლი ხოსელუმ მოირგოს, ვიდრე კლუბმა ვინმე იყიდოს და მორიგი შეცდომა დაუშვას.

არდა გიულერის პოტენციური ტრანსფერი - ერთადერთი შესაძლებლობაა იმისა, რომ „რეალის" სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ არ იყოს დახურული.