ავტორიზაცია

[პრევიუ] ახალი იმედებით - დღეს, ევროტურნირებზე 3 ქართული კლუბი იასპარეზებს

[პრევიუ] ახალი იმედებით - დღეს, ევროტურნირებზე 3 ქართული კლუბი იასპარეზებს
თარიღი 13 Jul 2023, 01:48
გუშინ, "დინამო თბილისმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ასტანასთან" ფრედ 1:1 ითამაშა. დღეს კი კონფერენს ლიგაზე საქმეში 3 ქართული კლუბი ერთვება.

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "დინამო ბათუმი" სტუმრად ალბანურ "ტირანას", საქართველოს თასის გამარჯვებული ქუთაისის "ტორპედო" შინ "სარაევოს", გორის "დილა" კი "დუნაისკა სტრენას" გასვლაზე დაუპირისპირდება.

"ტირანა" - "დინამო ბათუმი" (22:00)

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "დინამო ბათუმმა" რამდენიმე მოთამაშე დაიმატა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სპეციალურად ევროტურნირებისთვის გაძლიერდა, რადგან გუნდის ძირითადი ბირთვი მაინც იმ ფეხბურთელებისგან შედგება, ვინც სეზონი ერთად დაიწყო.

არ დაგვავიწყდეს, რომ გია გეგუჩაძე ისტორიაში ერთადერთ მწვრთნელია, ვინც ქართული გუნდი ევროტურნირების ჯგუფში გაიყვანა ("დინამო თბილისი" უეფას თასზე. 2004წ.)

ვერ ვიტყვით, რომ ბათუმელები მიმდინარე სეზონში საოცარ ფორმაში არიან, თუმცა სხვა ქართულ გუნდებთან შედარებით, უკეთეს კონდიციებში არიან და ამაზე სატურნირო ცხრილიც მეტყველებს, სადაც 19 ტურის შემდეგ 42 ქულით ერთპიროვნული ლიდერები არიან და ჩემპიონობას ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებიან.

რაც შეეხება აჭარელთა დღევანდელ მეტოქეს, 'ტირანა", ფაქტობრივად, ალბანეთის საუკეთესო გუნდია, რადგან ამ სეზონში "პარტიზანმა" და "ტირანამ" ერთნაირი ქულები დააგროვეს და ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, ჩემპიონობა "პარტიზანს" ერგო. "ტირანამ" ალბანეთის თასის ფინალამდეც გააღწია და იქაც დამარცხდა. "დინამო ბათუმთან" მატჩამდე, მათ ერთი ამხანაგური თამაში ჩაატარეს და "შტრუგასთან" 2:1 მოიგეს.

სავარაუდო შემადგენლობა: ჩიჩკანი, ჩაბრაძე, ბალიჩი, კობახიძე, გიორბელიძე, ტეიდი, მამუჩაშვილი, ლტვინენკო, ბიძინაშვილი, ღუდუშაური, ფლამარიონი.



"დუნაისკა სტრედა" - "დილა" (21:30)

უკვე რამდენიმე წელია ასე ხდება - სეზონის წინ "დილაზე" იმედებს არავინ ამყარებს, თუმცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო მცირე რესურსებით იმდებს აკეთებს, რომ გუნდი ევროტურნირებზე გაჰყავს.

გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. "დილა" მოწოდების სიმაღლეზე წელს ისე ვერ არიან, 34 ქულით მე-6 ადგილზეა, მაგრამ ეს ევროტურნირებია და მათ იქ თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ.

"დილამ" საინტერესო ტრანსფერები განახორციელა და მზაკვალი და სარდალიშვილი დაიმატა. ასევე, გუნდს სერგი კუხიანიძე შეუერთდა. საქართველოს სუპერთასზე გორელებს მცირე სპარინგი გამოუვიდათ და 'დინამო თბილისთან" და "ტორპედოსთან" პენალტების სერიაში წააგეს.

სლოვაკეთში ჩემპიონატი უკვე დიდი ხანია დასრულდა. "დუნაისკა სტრდამ" მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ "სლოვანს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა.

აღსანიშნავია, რომ 'დილასთან" მატჩამდე მათ 5 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს, საიდანაც 3 მოიგეს, 2 კი ფრედ დაასრულეს.

სავარაუდო შემადგენლობა: კუჩერენკო, ჩიტეიშვილი, ძოწენიძე, ვიქტორი, ძოწენიძე, ვანდერსონი, სანტოსი, ეტოუ, ფარულავა, გეილი, გომისი, კოვტალიუკი



"ტორპედო" - "სარაევო" (21:00)

ახალი ფეხბურთელები, ახალი ფორმა, ახალი მიზნები - ქუთაისის "ტორპედო" ევროტურნირებს მომზადებული ხვდება. რამდენიმე დღის წინ, მათ ახალი ფეხბურთელები წარადგინეს და გაძლიერდნენ როგორც ევროტურნირებისთვის, ისე შიდა ჩემპიონატისთვის.

"დილას" მსგავსად, საქართველოს სუპერთასზე "ტორპედომაც" ორი მატჩი გამართა და ორივეში პენალტების სერია ითამაშა, რაც ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ დიდი გამოცდილებაა. 

"წლების შემდეგ პირველად გვეძლევა შანსი ვიასპარეზოთ ევროტურნირებზე, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და აუცილებელია გულშემატკივრის მხარდაჭერა"- განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა,

ბოსნიის ჩემპიონატში "სარაევომ" მე-4 ადგილი დაიკავა და ევროტურნირების საგზური დიდი გაჭირვებით მოიპოვა, თუმცა ახალი ფეხბურთელები მათაც დაიმატეს.

"ტორპედოსთან" მატჩს ისინი საოცარ ფორმაში ხვდებიან, რადგან 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და ყველა ისე მოიგეს, რომ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს.

სავარაუდო შემადგენლობა: კლიაიჩი, მჭედლიშვილი, აკბარი, მონტეირო, ქობულაძე, ნეტო, გიგაური, მანჯგალაძე, ბუღრიძე, არაბიძე, კაბალიერო.