"ძნელია სიტყვებით გამოვხატო ის, რაც მოხდა", - ლორია მატჩის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" "ასტანასთან" 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კომენტარი დინამოელთა მეკარემ გიორგი ლორიამ გააკეთა.
"ძნელია სიტყვებით გამოვხატო ის, რაც მოხდა და რასაც ვგრძნობთ. წაგებას არ ვიმსახურებდით. არ ვიცი, ეს რის გამო მოხდა, მაგრამ 1 წუთში 2 გოლი გავუშვით და ეს გარდამტეხი მომენტი იყო ამ მატჩში.
ყველაზე სასიამოვნო და ამავდროულად მტკივნეულია, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა, მთელი თამაში გვამხნევებდა და მათ გამარჯვება ვერ ვაჩუქეთ. მადლობა მათ გვერდში დგომისთვის.
ეს ფეხბურთია. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა, ამიტომ თავები უნდა ავწიოთ და კონფერენს ლიგაზე უნდა გადავერთვოთ. დავინახეთ, რომ თამაში შეგვიძლია", - განაცხადა ლორიამ.