ავტორიზაცია

"ცხოვრებაში ორი მთავარი ოცნება მაქვს", - ხვიჩა კვარაცხელიას სრული ინტერვიუ ესპანურ გაზეთთან

"ცხოვრებაში ორი მთავარი ოცნება მაქვს", - ხვიჩა კვარაცხელიას სრული ინტერვიუ ესპანურ გაზეთთან
თარიღი 03 Oct 2023, 12:24
ხვიჩა კვარაცხელიას სრული ინტერვიუ ესპანურ გამოცემა AS-თან.

„ხვიჩა კვარაცხელიამ (თბილისი, 2001) უკვე ჩაწერა თავისი სახელი ფეხბურთის ისტორიაში. ოსიმენთან ერთად, ის ნაპოლის მარადონას გარეშე პირველი და ერთადერთი მოგებული სკუდეტოს მთავარი გმირი გახდა. მოედანზე, ის ყველა მეტოქეს უშიშრად ხვდება, მაგრამ პიროვნულად ძალიან მორცხვი და ზრდილობიანი ბიჭია, რომელიც კომპლიმენტებზე დღემდე წითლდება. იტალიაში გადასვლამდე, მისი მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ მის მეგზურს, ნიცა თავაძეს, სამედიცინოზე სწავლის გაგრძელება შესძლებოდა. ესპანური გაზეთი მას „ნაპოლის“ სავარჯიშო ბაზაზე ეწვია და მისი ბავშვობის საყვარელი გუნდის დაპირისპირების წინ, ინტერვიუც ჩაწერა.“

„ხვიჩა“ - ეს სახელი ნეაპოლის ყველა კუთხეში ფიგურირებს. ამის შესახებ უკვე შენც იცი, არა?

რა თქმა უნდა... (იცინის). სახლიდან ფეხის გადგმისთანავე ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და უბრალოდ შეუძლებელია ამაზე მეტად მადლიერი ვიყო. მათ გარეშე, ასე შორს ვერ წავიდოდი. ასეთი დაფასება და სიყვარული განსხვავებულ ენერგიას გაძლევს. კარგი ის არის, რომ რომელ სტადიონზე ან ქალაქშიც არ უნდა წახვიდე, ნეაპოლელები ყოველთვის გხვდებიან, გიღიმიან და სიყვარულს გაძლევენ. ისინი საუკეთესოს იმსახურებენ.

წინა სეზონი 14 გოლით და 14 ასისტით დახურე...

ამის დამსახურება ისიც არის, რომ აქ დიდებული გუნდი, სტაფი და თანაგუნდელები დამხვდნენ. მხოლოდ ჩემით ასეთ ციფრებზე ვერ ავიდოდი, ყველაფერმა იდეალურად იმუშავა.

ხვიჩა კვარაცხელია სამუდამოდ იქნება ერთ-ერთი გმირი ამ დრომდე ერთადერთი სკუდეტოსი, რომელიც „ნაპოლიმ“ მარადონას გარეშე მოიგო...

ხალხის ზეიმი თვეები გრძელდებოდა. ყველაზე მეტად, „იუვენტუსთან“ აპრილში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გავიაზრე ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ნეაპოლში დავბრუნდით და გზატკეცილი გულშემატკივრების გამო გადაკეტილი იყო, ვერ ვიჯერებდი. ავტობუსის სახურავზე ავედი და მათთან ერთად ეს სიხარული გავიზიარე.

კრუიფმა თქვა, რომ ფეხბურთი ქუჩაში ისწავლება. ეს შენ საკუთარ თავზე გამოსცადე და როგორც ჩანს, ის ვნება დღემდე მოგყვება...

ჩვენ, ქართველები, ფეხბურთის ქუჩაში თამაშით ვიზრდებით. ჩვენც იგივე სტილში ვვითარდებით, როგორც ბრაზილიელები. მაშინაც კი, როცა უკვე პროფესიონალური გუნდის ფეხბურთელი ვიყავი, სამშობლოში დაბრუნებული მეგობრებთან ერთად ქუჩაში ვთამაშობდი ფეხბურთს და ეს ძალიან მსიამოვნებდა.

ქუჩებიდან პირდაპირ ოქროს ბურთის ნომინანტობამდე მოხვედი...

ასეთი პატარა ქვეყნის ადამიანისთვის ეს რთული წარმოსადგენი იყო, თუმცა კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ როცა ამაში სულს ჩადებ, ბოლოს დაჯილდოვდები. ისევე, როგორც ყველა, ამ ჯილდოს მოგებაზე მეც ვოცნებობ.

ვინ მოიგებს წელს ამ პრიზს შენი აზრით?

ვფიქრობ, მესი.

რომელია შენი საყვარელი გოლი?

„ატალანტას“ რომ გავუტანე, ძალიან კარგი იყო. ასევე ეს, ბოლო, ახლა რომ „უდინეზესთან“ გავიტანე, ასევე კარგი გამოვიდა.

ამ გოლით დასრულდა მშრალი სერია, რომელიც მარტში დაიწყო...

როგორც ფეხბურთელმა, იცი, რომ ყოველთვის ვერ დააკმაყოფილებ იმ სტანდარტებს, რომელსაც შენგან ითხოვენ. უნდა იცოდე, რომ მსგავსი მომენტებიც ხდება ფეხბურთში და მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრო, საკუთარი თამაში როგორ გააუმჯობესო. კრიტიკა ჩემთვის უმნიშვნელოა, მართლა. მხოლოდ გუნდის დახმარებაზე ვარ კონცენტრირებული და არ აქვს მნიშვნელობა, გოლი იქნება ეს თუ ასისტი. რა თქმა უნდა, გოლის გატანის შეგრძნება მენატრებოდა.

გოლებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და, ესპანეთთან რომ გაიტანე, იმ გოლმა, სავარაუდოდ, შენი კარიერა შეცვალა.

19 წლის ვიყავი. ესპანეთთან „დინამო არენაზე“, თბილისში გოლის გატანა ძალიან კარგი იყო. მოგების შანსიც გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ამ გოლმა საკუთარი თავის რწმენა უფრო მეტად გამიჩინა. მცირე მოვლენა არ არის საკმარისი კარიერის შესაცვლელად, მაგრამ ეს შენი გზის კიდევ ერთი, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„ლა როხასთან“ ბოლოს რამდენიმე დღის წინ ითამაშეთ და მძიმე მარცხი, 1:7 იწვნიეთ

ჩვენი ღამე არ იყო, ფეხბურთში ასეთებიც ხდება. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ერთ მატჩში ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია დაპირისპირება და ამას დავამტკიცებთ. დარწმუნებული ვარ, არცერთ გუნდს არ უხარია საქართველოსთან შეხვედრა.

კარგი ურთიერთობა გაქვს შენს თანაგუნდელთან, გიორგი მამარდაშვილთან? რომელიც „ვალენსიას“ უპირობოდ პირველი მეკარეა...

რა თქმა უნდა. ის ჩემი დიდი მეგობარია, ნამდვილი ტალანტი და დიდი პროფესიონალი. ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მიმაჩნია.

ისტორიული საღამო მოახლოვდა: „დიეგო მარადონაზე“ „რეალ მადრიდი“ ჩამოდის.

მადრიდის ტელევიზორში ყურებით გავიზარდე, ახლა კი ისინი მოედანზე ჩემი მეტოქეები იქნებიან, თანაც ჩვენ სტადიონზე. შეუძლებელია, ასეთი ღამეები არ გახარებდეს.

ბავშვობის მთავარ კუმირებად სწორედ ექს-მადრიდელებს, გუტის და კრიშტიანუ რონალდუს ასახელებ

მათ ვუყურებდი და მიბაძვასაც ვცდილობდი, მათი ფინტების, დარტყმების გამეორებას. სწორედ ამ ორმა ფეხბურთელმა შთამაგონა.

ესპანელმა მაისურის თავისი სურვილით გადმოცემაც გადაწყვიტა...

ყოველთვის მომწონდა, როგორ ეპყრობოდა ის ბურთს, მის თამაშს ბავშვობიდან ვუყურებდი და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც, ის პირადად დამირეკავდა ამ საკითხზე. ჩვენ შეტყობინებებიც გავცვალეთ და ამან გამაბედნიერა. ეს „პატარა ხვიჩას“ ოცნების ასრულება იყო.

საქართველოში უამრავი „რეალის“ ფანია...

დიახ, მაგრამ ვფიქრობ, ახლა „ნაპოლის“ უფრო მეტი უქომაგებს (იცინის).

მეტოქეებს შორის იქნება ასევე ბრწყინვალე მარცხენა ვინგერი, ვინისიუსი

ის შესანიშნავია, უდიდესი ტალანტი: საუკეთესო ამ პოზიციაზე. მისი და „რეალის“ სხვა ჩემპიონების წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უდიდესი გამოცდილება იქნება. მოდრიჩი, ბელინგემი, კროოსი... შემიძლია, მთელი შემადგენლობა დავასახელო. ყველას პატივს ვცემ, ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან.

როგორი „ნაპოლი“ დახვდება მადრიდის „რეალს“?

გუნდი, რომელიც ყველას პატივს სცემს, მაგრამ არავისი არ ეშინია. ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ და ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ამბობ, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც შორს გინდა გასვლა. „ნაპოლის“ წინა სეზონამდე მეოთხედფინალიც არასდროს არ ჰქონია ნათამაშები.

ესეც ერთ-ერთი დიდი მიზანი იყო და ახლა მის გაუმჯობესებაზე ვფიქრობთ. გაჩერება არ გვსურს, მაგრამ დრო გვიჩვენებს, ევროპაში რამდენად შორს შევძლებთ წასვლას.

სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები როგორ გადაიტანე?

პირველ რიგში, მინდა სპალეტის მადლობა გადავუხადო: მან ჩემი ირწმუნა და ჩემს პოტენციალს გაშლის შესაძლებლობა მისცა. მისი ჩემდამი დამოკიდებულების გამო, საკმარის მადლობას ვერასდროს გადავუხდი. დროთა განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებით და ის ჩვენს მხარდაჭერას აგრძელებს. რუდი დიდებული მწვრთნელია, ნელ-ნელა მის ხედვებსაც უკეთ ვსწავლობთ და ტაქტიკებსაც ვითავისებთ. დარწმუნებული ვარ, სულ მალე, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გავხდებით. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც სურს, მწვრთნელის იდეებს გაყვეს და განვითარდეს.

შენ და ოსიმენი ერთმანეთს დიდებულად ეწყობით

ვიქტორი განსაკუთრებული ბიჭია, როგორც ამას მოედანზეც ხედავთ: მას ყოველთვის შეგიძლია დაეყრდნო, მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც.

მისი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდი?

კი, ყოველთვის (იცინის).

რომელი მცველი გირთულებს მოედანზე ცხოვრებას ყველაზე მეტად?

კაპიტანი, დი ლორენცო!

უკვე ბევრს მიაღწიე, მაგრამ მხოლოდ 22 წლის ხარ. სამომავლოდ რა გეგმები და მიზნები გაქვს?

ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაუმჯობესებელი. მინდა, ყველაფერი მოვიგო, რაც შესაძლებელია.

და ოცნება?

ორი მაქვს: მოვიგო ჩემპიონთა ლიგა და ვითამაშო მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად.

პირველწყაროდან თარგმნა ნიკა შაქარაშვილმა.