ავტორიზაცია

კარგი მოთელვა რეალის წინ, კვარას გოლი და მნიშვნელოვანი სამი ქულა - ასეთი გამოვიდა მაცარის დებიუტი ნაპოლიში

კარგი მოთელვა რეალის წინ, კვარას გოლი და მნიშვნელოვანი სამი ქულა - ასეთი გამოვიდა მაცარის დებიუტი ნაპოლიში
თარიღი 26 Nov 2023, 00:06
მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ მაცარის დაბრუნების შემდეგ, „ნაპოლიმ“ პირველი მატჩი ბერგამოში, კერკეტი „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართა.

იტალიელმა სპეციალისტმა პროგნოზები არ გაამართლა და სადებიუტო მატჩიდანვე საყვარელი 3-მცველიანი ტაქტიკით მოედანზე გასვლა არ მოისურვა - ტაქტიკურ მონახაზში სტანდარტული 4-3-3 ვიხილეთ, რომელშიც ვიქტორ ოსიმენს ფორვარდის პოზიციაზე ჯაკომო რასპადორი ცვლიდა, რადგან ნიგერიელი ტრავმიდან ეს-ესაა ბრუნდება და ჯერ სასტარტოსთვის მზად არ იყო.

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა მეტოქეს უმეტესობა მნიშვნელოვან ასპექტში აჯობა და სამი დამსახურებული ქულაც ჩაიწერა აქტივში.

გამარჯვებას სათავე ნეაპოლელთა მთავარმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დაუდო, რომელმაც კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს კარგი ჩაწოდებით ისარგებლა და ბურთი კარში თავით გადაგზავნა.

გასპერინის შეგირდები რომ საკუთარ მოედანზე სამ ქულას ნერვიულობის გარეშე არ თმობენ, ეს 55-ე წუთზე ლუკმანმა ჰატებურის პასის შემდეგ „ნაპოლისაც“ დაუმტკიცა და ტაბლოზე სტატუს-კვო აღადგინა.

64-ე წუთზე, მაცარიმ საქმეში ოსიმენიც ჩართო, რამაც თავისი შედეგი 15 წუთში გამოიღო - ელიფ ელმასს გამარჯვების გოლი 79 წუთზე სწორედ ვიქტორმა გაატანინა და „ნაპოლის“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

რაც განსაკუთრებით აღსანიშნავი მოხდა, არის ის, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი შეუცვლელად გაატარა, რასაც წინა მწვრთნელის, რუდი გარსიას ხელში გადაჩვეულები ვიყავით.

თავის „გამოჩენის“ გარეშე მატჩი არც თავად ემოციურობით ცნობილ იტალიელ მწვრთნელს დაუმთავრებია - მან გაფრთხილება პირველივე ტაიმში, 32-ე წუთზე მიიღო და სერია ა-ში თავისი დაბრუნება სწორედ ასე აღნიშნა.

საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ „რეალთან“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩასვლის წინ კარგი რეპეტიცია გაიარა, გზად მნიშვნელოვანი სამი ქულაც მოიპოვა და მინიმუმ რამდენიმე საათით მე-3 ადგილზეც გადაინაცვლა.

მეორეადგილოსან „იუვენტუსამდე“ 5 ქულაა, ლიდერ „ინტერამდე“ კი - 7, თუმცა ამ გუნდებს „ნაპოლიზე“ ერთი მატჩით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული.

ბოლოს კი, ხვიჩა კვარაცხელიას პირად ინდივიდუალურ სტატისტიკას შემოგთავაზებთ - ქართველმა ვარსკვლავმა ერთი დარტყმა განახორციელა და პირდაპირ გოლად აქცია, დრიბლინგი 6-ჯერ სცადა და 2-ჯერ წარმატებითაც გამოუვიდა, 33 პასიდან 25 შეასრულა ზუსტად, 18 ორთაბრძოლიდან 9-ში გამარჯვებული გამოვიდა და 5 ჯარიმაც მოიპოვა.

ამ ციფრებისთვის, გამოცემა SofaScore-მ საქართველოს ნაკრების ლიდერს 7.4 შეფასება დაუწერა - ამაზე მაღალი გუნდში მხოლოდ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ მოიპოვა (8.5).