ვილი სანიოლი: "თუ გიორგი არაბიძე პოზიტიურად შეცვლის მის მიდგომას, რა თქმა უნდა, მისი გამოძახების საკითხი დღის წესრიგში დადგება"
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს.
შეკრების დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
შეკრების დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „დღევანდელი პრესკონფერენცია ნიშნავს, რომ ახლა უკვე გადამწყვეტ ეტაპზე ვართ. გუნდისთვის, სტაფისთვის, ფეხბურთის ფედერაციისთვის და მთელი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია. სწორედ ამიტომ, ბედნიერი ვარ დღეს აქ ყოფნით.
ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნებაზე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. მას ძალიან ბევრი თამაში აქვს ჩატარებული ეროვნულ გუნდში, თუმცა სანაკრებო კარიერაში პაუზის აღება სურდა და ჩვენ მივიღეთ მისი გადაწყვეტილება. ამავდროულად, ჯაბა ბრატისლავის სილოვანში საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს. მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ საუბარი ალექსანდრე იაშვილთან ერთად დავიწყეთ, დავინტერესდით ჯაბას პოზიციით ნაკრებში დაბრუნების თაობაზე და მისმა პასუხმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ჯაბამ გვითხრა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუნდაც ერთი წუთი რომ ეთამაშა საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად. მან იცის, რომ ახლა მნიშვნელოვანი მომენტია. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და სწორედ ამიტომ არის ჯაბა ახლა ნაკრებთან ერთად.
ირაკლი აზაროვის სანაკრებო სიის მიღმა დატოვება რთული გადაწყვეტილება იყო. კლუბში მის თამაშზე საუბარი არ მსურს, რადგან კლუბში და ნაკრებში განსხვავებული მოცემულობაა. ჩემთვის, აზაროვი ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა. ნაკრებში კარგი თამაშები აქვს ჩატარებული, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ასპარეზობით კმაყოფილი არ ვიყავი. განსაკუთრებით კვიპროსთან, შოტლანდიასთან და ესპანეთთან მატჩებში. ბევრი დადებითი თვისება აქვს, თუმცა უნდა გაიგოს, რომ მცველია და მოედანზე მცველივით უნდა მოიქცეს. სწორედ ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. მწვრთნელი ვარ და თუ ჩემი ფეხბურთელი შესაძლებლობებს ვერ წარმოაჩენს, შესაბამისად სათამაშო დრო არ მიეცემა. ამავდროულად, ლევან შენგელიამ მისთვის ახალ პოზიციაზე ძალიან კარგად იასპარეზა კვიპროსთან და შოტლანდიასთან შეხვედრებში. მან დაიმსახურა ნაკრებში ყოფნა. ასევე, გვყავს გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, მებრძოლი მოთამაშეა და ეს თვისება ძალიან გვჭირდება პლეი ოფში.
თუ სანაკრებო სიას მოთამაშეთა პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე შევადგენ, საბა ლობჟანიძე ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, რადგან შესანიშნავი ადამიანია და მასთან მუშაობა მიყვარს. მან მიიღო გადაწყვეტილება კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელების შესახებ და ბედნიერი ვარ მისი წარმატებებით. თუმცა, კვირას საღამოს, გვიან თამაშობს საკლუბო მატჩს, რაც ნიშნავს, რომ ნაკრებს გვიან შემოუერთდება და აღდგენისთვის საკმარისი დრო არ ექნება და 100 პროცენტით ვერ დაიხარჯება. შესაბამისად, ვეცადე, რომ გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მიმეღო კონკრეტულად პლეი-ოფი მატჩებისთვის, თუმცა ეს არ ეხება მომავალს.
ზაფხულის შემდეგ ბევრი რამ გამოვცადეთ და სია, რომელსაც დღეს ხედავთ, ამის შედეგია. ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახებისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სწორედ ამიტომ არის ეს რთული და იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. რადგან, ყველას განსხვავებული ხედვა გვაქვს და ეს მომავალშიც ასე იქნება. გიორგი არაბიძე იყო გაფართოებულ შემადგენლობაში, რადგან ტორპედოში საკმაოდ ბევრი გოლი გაიტანა. ვაკვირდებოდი მის თამაშებს, როგორც პირდაპირი რეპორტაჟების საშუალებით, ისე უშუალოდ სტადიონიდან. მესმის, რომ საქართველოში მისი საკითხი აქტუალურია, თუმცა ინტენსიურობა, რომლითაც ის თამაშობს ჩემთვის პრობლემაა. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა ბოლო 10 წლის განმავლობაში. უფრო რთული და ინტენსიური გახდა, მეტ ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. ამისთვის, გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. თუ გიორგი არაბიძე პოზიტიურად შეცვლის მის მიდგომას, რა თქმა უნდა, მისი გამოძახების საკითხი დღის წესრიგში დადგება, რადგან მას აქვს შესაბამისი საფეხბურთო უნარები. თუმცა, ამ მომენტისთვის, ეს საკმარისი არ არის.
ვიმედოვნებ, ჩემი ფეხბურთელები ყოველთვის მოტივირებულები არიან და არა მხოლოდ პლეი-ოფის მატჩებისთვის. რა თქმა უნდა, გარკვეულ წნეხს ვგრძნობთ, თუმცა ეს სასიამოვნო შეგრძნებაა. სწორედ ასეთი მომენტების გამო ვთამაშობთ ფეხბურთს“.
Nakrebi.ge