ცნობილი გახდა, ვინ ჩაანაცვლებს ჯაბა კანკავას ევრო 2024-ის განაცხადში
ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. 38 წლის ჯაბა კანკავა, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისურით 101 მატჩი აქვს გამართული, ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელით აცნობა.
ჯაბა კანკავას სანაკრებო დებიუტი 2004 წლის 8 სექტემბერს, ალბანეთთან შეხვედრაში შედგა. თითქმის 20-წლიანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში კანკავამ ეროვნული გუნდის მაისურით 101 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. ბოლო შეხვედრა ჯაბა კანკავამ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში, ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართა.
ჯაბა კანკავას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და იძულებით ცვლილებაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „ჯაბა კანკავა ნაკრების გამოცდილი და დამსახურებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, მარტის პლეი ოფის მატჩებში, მისი ნაკრებთან ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გუნდში დიდი მუხტი შემოიტანა. ჩემი სურვილი იყო, რომ ჯაბა ევროპის ჩემპიონატზე ისევ ჩვენთან ერთად ყოფილიყო და კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროფესიონალია გუნდისთვის. პირადად ჩემთვის, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა ამავდროულად მას პატივს ვცემ.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კანკავა იგივე პოზიციის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს და ნაკრები დაბალანსებულად დაკომპლექტდეს. ჯაბა კანკავას ნაცვლად გუნდს შვეიცარიული ბაზელის წევრი გაბრიელ სიგუა შეუერთდება".
Nakrebi.ge