ავტორიზაცია

ევრო 2024-ის 1/4-ფინალური მატჩი: პორტუგალია 🆚 საფრანგეთი | პრევიუ

ევრო 2024-ის 1/4-ფინალური მატჩი: პორტუგალია 🆚 საფრანგეთი | პრევიუ
თარიღი 05 Jul 2024, 12:00
დღის მეორე მერვედფინალური შეხვედრა პორტუგალიასა და საფრანგეთს შორის გაიმართება.

პორტუგალიამ თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. რობერტო მარტინესის გუნდმა პირველ ტურში ჩეხეთთან ფრანსიშკუ კონსეისაუს გოლით დრამატული გამარჯვება მოიპოვა, მეორე მატჩში თურქეთი 3-0 გაანადგურა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა, მე-3 ტურში კი საქართველოსთან 0-2 წააგო. მერვედფინალში “ლუზიტანელებს“ მძიმე ბრძოლა გადახდათ - სლოვენიასთან მატჩის ძირითადი დრო 0-0 დასრულდა, დამატებით დროში (105-ე წუთზე) კი კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ვერ გაიტანა და საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე მივიდა. საბოლოოდ, გადამწყვეტ მომენტში დიოგუ კოშტა თავის ქვეყანას გმირად მოევლინა და სლოვენიელთა მიერ დარტყმული სამივე პენალტი მოიგერია, პორტუგალიელთა მხრიდან კი კრიშტიანუ რონალდუმ, ბრუნო ფერნანდეშმა და ბერნანრდუ სილვამ გაიტანეს.

საფრანგეთი ჯგუფურ ეტაპზე არცისე შთამბეჭდავი იყო. დიდიე დეშამის შეგირდებმა პირველ ტურში ავსტრიას მაქს ვიობერის ავტოგოლით 1-0 მოუგეს, შემდეგ ნიდერლანდებთან უგოლო ფრე ითამაშეს, ბოლო ტურში პოლონეთთან გამართული შეხვედრა კი 1-1 დასრულდა. „მამლებმა“ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 2 გოლი გაიტანეს და მეორე ადგილზე გავიდნენ - პირველი ადგილი 6 ქულით ავსტრიამ დაიკავა, საფრანგეთს კი 5 ქულა ჰქონდა. დეშამის გუნდი მერვედფინალში ბელგიას დაუპირისპირდა და თამაშის ხარისხით ვერც იქ გამოირჩა - საბოლოოდ, 85-ე წუთზე, რანდალ კოლო მუანის დარტყმის შემდეგ, იან ვერტონგენმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საფრანგეთი მეოთხედფინალში გავიდა. შედეგად, ამ მომენტისთვის, „მამლებს“ ტურნირზე მხოლოდ 3 გოლი აქვთ გატანილი: 2 ავტოგოლი და კილიან მბაპეს პენალტი.

პორტუგალია და საფრანგეთი ერთმანეთს ბოლოს 2021 წელს შეხვედნენ - წინა ევროპის ჩემპიონატზე ისინი ჯგუფში ერთად იყვნენ და მათ შორის გამართული მატჩი 2-2 დასრულდა (კრიშტიანუ რონალდუმ და ქარიმ ბენზემამ ამ შეხვედრაში დუბლები შეასრულეს). ბოლო 5 მატჩიდან საფრანგეთმა პორტუგალიას 2 მოუგო, პორტუგალიამ - 1, 2 კი ფრედ მორჩა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელთა აღნიშნული მოგება ევრო 2016-ის ფინალზე მოდის - “ლუზიტანელებმა“ ედერის მიერ 109-ე წუთზე გატანილი გოლით იმარჯვეს და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონები გახდნენ. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხსენებული 5 მატჩიდან ერთი მნიშვნელოვანი მოგება საფრანგეთმაც მოიპოვა - 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში “მამლებმა” პორტუგალიელები ზინედინ ზიდანის გოლით დაამარცხეს.

პორტუგალიის სავარაუდო XI: კოშტა; კანსელუ, დიაში, პეპე, მენდეში; პალინია, ვიტინია, ფერნანდეში; ლეაუ, რონალდუ, ბერნარდუ სილვა.

საფრანგეთის სავარაუდო XI: მენიო; კუნდე, სალიბა, უპამეკანო, ტეო ერნანდესი; კანტე, ჩუამენი, გრიზმანი; დემბელე, ტურამი, მბაპე.

პორტუგალიელთა მხრიდან დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან: კანსელუ, რონალდუ, კონსეისაუ, პალინია, ნეტუ და ნევეში, საფრანგეთის რიგებიდან კი - დემბელე, გრიზმანი, მბაპე და ჩუამენი. დეშამს დისკვალიფიკაციის გამო ამ მატჩში რაბიო დააკლდება.

პორტუგალიისა და საფრანგეთის შორის ჰამბურგში გასამართი შეხვედრა, რომელსაც ინგლისელი მაიკლ ოლივერი განსჯის, სტარტს 23:00 საათზე აიღებს.

დღის პირველი მატჩი ესპანეთსა და გერმანიას შორის გაიმართება, რომლისც პრევიუს ხილვაც აქ შეგიძლიათ.