ავტორიზაცია

სანიოლი: "ბიჭებს უკვე ავუხსენი რას მოვითხოვ მათგან"

სანიოლი: "ბიჭებს უკვე ავუხსენი რას მოვითხოვ მათგან"
თარიღი 06 სექ 2024, 17:06
უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს — მატჩი ხვალ, 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20 საათზე დაიწყება. შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩეხეთის დამარცხება რთული იქნება.

"ჩეხეთს სპეციფიკური სათამაშო სტილი აქვს და ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. სასურველი შედეგის მისაღწევად, იმაზე კარგად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ. ევრო 2024-ზე მიღწეული წარმატების შემდეგ, გვინდა, რომ კიდევ უფრო დიდ შედეგებს მივაღწიოთ და იმედი მაქვს, რომ ასეც მოხდება."

"ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს — ჩვენი გუნდიდან 20-მა ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და მათ უკვე ავუხსენი, რომ ისეთივე პროფესიონალიზმს მოვითხოვ, როგორიც ევრო 2024-ზე გამოავლინეს."

"ტურნირის წინ რამდენიმე მცველი გამოგვაკლდა და ნაკრებში საბა გოგლიჩიძე მოხვდა, რომელიც ახალგაზრდულ გუნდებში კარგად ასპარეზობდა. მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ და ეროვნულ ნაკრებს უნდა შეეჩვიოს. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს — მართალია ის ლიონში დაიბადა, თუმცა, ქართული პასპორტი აქვს და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს"
— ვილი სანიოლი.