ავტორიზაცია

საქართველო - ალბანეთი | მატჩისწინა ვარჯიში საგურამოში

საქართველო - ალბანეთი | მატჩისწინა ვარჯიში საგურამოში
თარიღი 13 Oct 2024, 22:16
14 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე შეხვედრას ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა საგურამოში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდა ტრადიციული პრესკონფერენცია. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა უპასუხა.

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი რამ გვაკლდა და ხვალინდელ შეხვედრაში ჩემთვის ტაქტიკურ ცვლილებებზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის და აგრესიულობის შენარჩუნება იქნება.

ძალები მაქსიმალურად აღვიდგინეთ. ფეხბურთის ფედერაცია ყველა პირობას გვქიმნის ამისთვის, რადგან მგზავრობა ყოველთვის კარგ დროს არის დაგეგმილი. შესაბამისად, ფეხბურთელბს ძალების აღდგენა სწრაფად შეუძლიათ. როდესაც პარასკევს და ორშაბათს გიწევს ორი თამაშის ჩატარება, ძალების სწრაფად და ხარისხიანად აღდგენა მნიშვნელოვანია.

ოთარ კიტეიშვილი თავს კარგად გრძნობს. უკრაინასთან შეხვედრის ბოლო წუთებზე თავი დაღლილობამ იჩინა და მცირე პრობლემაც ამით იყო გამოწვეული. ასე რომ, კიტეიშვილი ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად არის".

ლაშა დვალი (ეროვნული ნაკრების წევრი): "მოკლე დროში გვიწევს მეორე თამაშის ჩატარება. იგივე მდგომარეობაშია მოწინააღმდეგე გუნდიც. მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები და 24 საათი კიდევ გვაქვს. ვფიქრობ, თამაშისთვის მზად ვართ.

პოზნანის სტადიონის მოედნის საფარმა ძალიან იმოქმედა ჩვენს სათამაშო სტილზე. მიხარია, რომ ხვალინდელ შეხვედრაში კარგ საფარზე ვითამაშებთ და მჯერა, რომ შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება".

საქართველო - ალბანეთის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

Nakrebi.ge