ალ სადი ხავის ბარსელონაში შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
ყატარულმა "ალ სადმა" გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხავი ერნანდესის მომავალთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.
41 წლის ესპანელი სპეციალისტი რონალდ კუმანის გათავისუფლების შემდეგ "ბარსელონას" თავკაცის პოსტზე დანიშვნის მთავარი პრეტენდენტია.
"გუნდის ხელმძღვანელობა იუწყება, რომ ხავის კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს და იგი მთლიანად გუნდის მომდევნო მატჩებზეა კონცენტრირებული, ლიგაში ჩვენი ლიდერობის შესანარჩუნებლად და ტიტულის დასაცავად", - წერია ყატარული კლუბის განცხადებაში.
მოგეხსენებათ, აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხავიმ გუშინ "ალ სადის" ფეხბურთელებს წასვლის შესახებ ამცნო და მათ დაემშვიდობა კიდეც.
როგორც დაიწერა, ესპანელმა ყატარულ კლუბთან სიტყვიერი შეთანხმება გააფორმა იმის თაობაზე, რომ თუ "ბარსელონა" მიიწვევს, კლუბის დატოვებას კომპენსაციის გარეშე მოახერხებს - გამოსასყიდი თანხა ამჟამად 1 მილიონ ევროს შეადგენს.