ავტორიზაცია

ალვეში ხუმრობით გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ მესი შესაძლოა მასზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდეს

ალვეში ხუმრობით გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ მესი შესაძლოა მასზე ტიტულოვანი ფეხბურთელი გახდეს
თარიღი 05 Aug 2022, 17:46

დანი ალვეში ხუმრობით გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ლეო მესიმ შესაძლოა კარიერაში მოგებული ტიტულების რაოდენობით გადაასწროს.

მოგეხსენებათ, მესიმ 31 ივლისს "პსჟ"-სთან ერთად საფრანგეთის სუპერთასი მოიგო და საერთო ჯამში 41 ტიტული დაუგროვდა.

არგენტინელ სუპერვარსკვლავზე ტიტულოვანი მხოლოდ ალვეშია - 46. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ბრაზილიელის ანგარიშზე 42 ტიტულია. ეჭვქვეშ აყენებენ "ბაიას" შტაბის ჩემპიონატში გამარჯვებას და 2001 წელს მოგებულ ნორდესტეს თასს. ალვეში მაშინაც "ბაიაში" ირიცხებოდა. გარდა ამისა, ყველა არ თვლის 2018 წლის საფრანგეთის სუპერთასს, რადგან იმ შეხვედრაში დანი "პსჟ"-ს განაცხადში ვერ მოხვდა, აგრეთვე 2003 წელს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოგებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატსაც.

ბრაზილიური TNT Sports-ის სიახლეზე კომენტარის გაკეთებისას, ამჟამად "პუმასის" მცველმა დაწერა: "სანერვიულო არაფერია. ეს კიდევ ერთი საგოლე გადაცემაა, რომელსაც მას ვუკეთებ".

მოგეხსენებათ, ალვეში, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი "ბარსელონაში" გაატარა, მექსიკურ კლუბში რამდენიმე დღის წინ ჩაირიცხა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.