ანჩელოტი: "ამბობენ, რომ რეალი კონტრშეტევებზე თამაშობს, არადა ყველაზე მეტი გოლი გაგვაქვს"
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბარსელონას" (3:2) დამარცხების შემდეგ იმ სტილის შესახებ ისაუბრა, რომლითაც მადრიდულმა გრანდმა აღნიშნულ შეხვედრაში ითამაშა.
"ფეხბურთის ყველა ასპექტს პატივს ვცემ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბურთის ფლობა გამარჯვების მოპოვების ერთადერთი გზაა, ძალიან კარგი. პატივს ვცემ იმას, როგორც "კადისმა" ითამაშა ჩვენს წინააღმდეგ, რადგან სირთულეები შეგვიქმნა", - აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.
"იდეალური სისტემა არ არსებობს. კონტრშეტევებზე თამაშით ზედიზედ ყველა მატჩს ვერ მოვიგებთ. აქცენტის ბურთის ფლობაზე გაკეთების შემთხვევაშიც ვერ გავიმარჯვებთ მუდმივად".
"თუ ერთხელ დაცვით სტილში ვითამაშეთ, იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი გუნდი ვართ. "რეალს" ყველაზე მეტი გოლი გააქვს, ისინი კი ამბობენ, რომ კონტრშეტევებზე ვთამაშობთ. ეს არ მაღელვებს, რადგან კონტრშეტევებზე თამაში რთულია".
"გრძელ გადაცემებს არ ვაკეთებთ, შეტევაში 4-5 მოკლე პასით გადავდივართ. შეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში ექვსი ფეხბურთელი შედის. ასეთ სტილში თამაში ადვილი არ არის".
"ჩემთვის მაამებელია, როცა ამბობენ, რომ კონტრშეტევებზე ვთამაშობთ", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.
შეგახსენებთ, "რეალი" ხვალ ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბილბაოს" დაუპირისპირდება. მატჩი სტარტს თბილისის დროით 22:30 საათზე აიღებს."ბარსელონა დომინირებდა? არა, თანაბარი თამაში იყო", - ანჩელოტი ხავის არ დაეთანხმა