არველაძე: "ჩემი ოცნება ჰალ სიტის პრემიერ ლიგაში აღზევება არის"
"ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ Sporx-თან საუბარში თავისი გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, ქართველი "ვეფხვებში" იანვრიდან მუშაობს.
"ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იოლი პერიოდი არ მაქვს, თუმცა მჯერა, რომ კლუბის ყველა მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ და საჭირო რაოდენობის ქულებს ავიღებთ.
სიმართლე გითხრათ, კარგი შეგრძნებაა, ილიჯალისთან ერთად რომ ვმუშაობ. აქ ბევრი რამაა გასაკეთებელი და დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად, "ვეფხვები" მიზანს მიაღწევენ.
კლუბში შესანიშნავი პირობებია. გვინდა, სეზონი მაქსიმალურად მაღალ პოზიციაზე დავასრულოთ და მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოლოთ.
აჯუნთან ერთად გეგმების შემუშავების პროცესში ვართ და ჩემი ერთადერთი მიზანი და მთავარი ოცნება იორკშირული გუნდის პრემიერ ლიგაში გადაყვანაა. რატომ ეს გუნდი? იმიტომ, რომ ინგლისში მუშაობა ძალიან მიყვარს", - განაცხადა "შავ-ყვითლების" დამრიგებელმა.