არველაძე: "კვარაცხელიას ჰალში ხვალვე წავიყვანდი, მაგრამ ის არ წამოვა"
"ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ გადაცემა ტაიმაუტში ისაუბრა იმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ, რომელსაც თავის გუნდში წაიყვანდა. ქართველმა დამრიგებელმა ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა:
"ვინმეს თუ ავიყვანდი ქართველებიდან? წამოვა კვარაცხელია? ხვალვე წავიყვანდი, მაგრამ არ წამოვა. ქულები უნდა ავიღოთ, წელში გავსწორდეთ, რომ ლიგაში დარჩენაზე კითხვები აღარ გაჩნდეს.
ტრანსფერებსა და გაძლიერებას ამის შემდეგ მივხედავ", - განაცხადა "ვეფხვების" სპეციალისტმა, რომელიც ინგლისურ ფეხბურთში მიმდინარე წლის იანვრიდან მოღვაწეობს.
რაც შეეხება ქართველ გარემარბს, სპორტულ მედიაში ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, ის ყაზანის "რუბინში" აღარ დაბრუნდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვინგერის სახელს "ნაპოლის" უკავშირებენ. 22-წლის ფლანგელის ტრანსფერი დაახლოებით 15 მილიონ ევროდ არის შეფასებული.