ავტორიზაცია

ბარსელონამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 2 მარცხენა მცველი შეარჩია

ბარსელონამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 2 მარცხენა მცველი შეარჩია
თარიღი 03 Feb 2022, 00:11

კატალონიის "ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერება სურს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, კატალონიურ გრანდს ამ პოზიციის შევსება ზამთარშიც უნდოდა, მაგრამ შესაფერის ფასად ფეხბურთელი ვერ იპოვა.

"ბლაუგრანას" პრიორიტეტული ვარიანტი ხოსე გაიაა ("ვალენსია"). თუმცა, 26 წლის ფეხბურთელმა კატალონიელებს აცნობა, რომ "ვალენსიასთან" კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, ამის შემდეგ კი სხვა კლუბების წინადადებებს მოისმენს. მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. თუ იგი "ღამურებს" ვერ შეუთანხმდება, "ბარსა" მომავალ ზაფხულს მის ხელში ჩასაგდებად ყველაფერს გააკეთებს.

ალტერნატიული ვარიანტი ალექს გრიმალდოა ("ბენფიკა"). "ბარსას" იანვარში მისი იჯარით დამატება უნდოდა, მაგრამ პორტუგალიურმა კლუბმა ფეხბურთელი არ გაუშვა და მხოლოდ მის სრულფასოვან ტრანსფერზეა თანახმა. მისი კონტრაქტის 2023 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს, ამიტომაც "ბენფიკა" მზად არის იგი სეზონის დასრულების შემდეგ გაყიდოს.

მიმდინარე სეზონში გაიამ ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა, ხოლო გრიმალდომ 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 ბურთი შეაგდო და 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.