ჩელსის დინამო მოსკოვის რუსი ფეხბურთელის ტრანსფერი სანქციების გამო ჩაეშალა - ვის ყიდულობდნენ ლონდონელები?
„დინამო მოსკოვის“ 19 წლის რუსი ნახევარმცველი, არსენ ზახარიანი ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლასთან ახლოს იყო.
როგორც talkSPORT იტყობინება, ტრანსფერი დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო დაიბლოკა.
კერძოდ, მთავარი პრობლემა შეიქმნა რუსული დედაქალაქური კლუბისთვის თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით, რის გამოც სომხური ფესვების მქონე რუსს მოსკოვში მოუწია დარჩენა.
„25 აგვისტოს ჩელსისგან არსენ ზახარიანის თაობაზე შემოთავაზება მივიღეთ. რამდენიმე დღის მანძილზე კლუბებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რის დროსაც „დინამო“ კონსტრუქციულ პოზიციას იკავებდა.
თუმცა, ამ ზაფხულს ტრანფერის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა მიზეზით, რომელიც ჩვენს ხელში სულაც არ არის.“ - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
გასულ სეზონში ზახარიანმა „დინამოს“ მაისურით 34 მატჩში 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.