დაინტერესება რეალურია - სუარესმა შესაძლოა ევროპული ფეხბურთი დატოვოს
მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი, ლუის სუარესი, შესაძლოა სათამაშოდ მშობლიურ კონტინენტზე გადაბარგდეს.
UOL-ის ინფორმაციით, ურუგვაელი ფორვარდის გადაბირების შესაძლებლობით ბრაზილიური „კორინთიანსი“ ინტერესდება.
სუარესს „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება და ფეხბურთელი შეიძლება თავისუფალი აგენტი გახდეს, ამიტომ „კორინთიანსი“ მისი ფასის შემცირებას და იანვარში შედარებით იაფად გადაბირებას შეეცდება.
ამ ეტაპზე, „ატლეტიკო“ სუარესთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ბოლო პერიოდში ლუისის თამაში და შედეგები საგრძნობლად შესუსტდა, რამაც ის გამოიწვია, რომ დიეგო სიმეონე მას ნაადრევად ცვლის და ეს ურუგვაელის ბრაზს იწვევს.
34 წლის სუარესი „ატლეტიკოში“ გასული წლის სექტემბერში „ბარსელონადან“ გადავიდა და პირველივე სეზონში გუნდთან ერთად ლა ლიგა მოიგო.