"დარტყმას ის მოგაყენებს, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელი", - ვიდალის კომენტარი სექს-სკანდალში გახვევის შემდეგ
ჩილეს ნაკრების ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა კომენტარი გააკეთა დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად სასტუმროში მეძავები აიყვანა.
"წყეული შური. ასეთია ცხოვრება... დარტყმას ის მოგაყენებს, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელი", - წერს 34 წლის ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
მოგეხსენებათ, ვიდალმა, გარი მედელმა, პაბლო არანგისმა, ედუარდო ვარგასმა, ჟან მენესესმა, პაბლო გალდამესმა და გილიერმო მარიპანმა სასტუმრო Gran Hotel Odara-ში მეძავები აიყვანეს, რითაც კოპა ამერიკის დროს სანიტარული პროტოკოლი და დისციპლინა დაარღვიეს.
სამხრეთამერიკული ნაკრები აღნიშნული ფაქტის გამო უკვე ორი დღეა არ ვარჯიშობს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ლასარტემ კი პროტესტის ნიშნად შესაძლოა თავისი პოსტი დატოვოს.
მოგეხსენებათ, ჩილემ კოპა ამერიკაზე ჯგუფური ეტაპის პირველ ორ ტურში არგენტინასთან (1:1) ფრედ ითამაშა და ბოლივიას (1:0) მოუგო. 22 ივნისს, ჩილელები ურუგვაის დაუპირისპირდებიან, 25 ივნისს კი - პარაგვაის.