"დროა, უფრო მაგარ გუნდში ითამაშოს" - რუსული მედია ლუკა გაგნიძეზე
რუსული გამოცემა Matchtv-ს აზრით, 18 წლის ქართველი ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე უკვე მზადაა ითამაშოს იმაზე კარგ გუნდში, ვიდრე ურალია.
ლუკა გაგნიძე დინამო თბილისიდან რუსეთის ჩემპიონატში 2021 წლის ივნისში გადავიდა. იგი მოსკოვის დინამოს ნახევარმცველია, თუმცა იჯარით ეკატერინბურგელთა რიგებშია.
"ურალში იჯარის წესით გამოდის, მასზე უფლებებს კი დინამო ფლობს. ჯერჯერობით ეკატერნბურგში თავის ვოიაჟს სრულებით ამართლებს - რეგულარულად თამაშობს და აქვს გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. ამჟამად ფეხბურთელი ჩამოყალიბების სტადიაზეა, თუმცა იგორ შალიმოვისთვის უკვე არის მნიშვნელოვანი ფიგურა.
ახალ გუნდში გაგნიძე აჩვენებს მოედნის ცენტრში თამაშის წაყვანის უნარს. მას პასის მაღალი სიზუსტე (86%) აქვს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ურალი მეტწილად დაცვიდან მოქმედებს. ამას გარდა, ჰავბეკი არც დრიბლინგს ერიდება (2.4 მცდელობა) რასაც საკმაოდ ხარისხიანადაც ასრულებს (67%).
მაგრამ ამავდროულად ბევრ რამეს სჭირდება დახვეწა. აუცილებლად მოსამატებელი აქვს ორთაბრძოლებისა (48%) და ართმევის (48%) მხრივ. ასეთი მაჩვენებლებით მოსკოვის დინამოს ძირითადში მოხვედრა რთული იქნება," - წერს Matchtv.
ლუკა გაგნიძემ ურალში გადასვლის შემდეგ რუსული გუნდის მაისურით სულ 13-ჯერ ითამაშა.