ევერტონი მზად არის ნებისმიერ წინადადებას დათანხმდეს — ხამესი ახალ გუნდს უახლოვდება
"ევერტონის" შემტევი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი კლუბიდან წასვლასთან ახლოს არის, იტყობინება ფაბრიციო რომანო.
გავლენიანი ჟურნალისტის ინფორმაციით, ინგლისური გუნდი მზად არის 30 წლის კოლუმბიელის ტრანსფერზე ნებისმიერი წინადადება განიხილოს, რადგან სახელფასო ხარჯების შემცირება უნდა.
ხამესმა გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესთან ურთიერთობა ვერ დაალაგა. როგორც აღინიშნება, სამხრეთამერიკელი ყატარულ კლუბთან მიმდინარე მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა.
როდრიგესი "ევერტონში" 2020 წლის სექტემბერში გადავიდა, ამ დროის განმავლობაში მან "კანფეტების" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
2021/22 წლების სეზონში ხამესი ლივერპულელთა განაცხადში ვერ მოხვდა და ერთ ოფიციალურ მატჩშიც კი არ მიუღია მონაწილეობა.