"იმედგაცრუებული გრიზმანის ხილვით გახარებული დავრჩი", - უნგრეთის ნაკრების მცველი
უნგრეთის ნაკრების მცველმა, ლოიკ ნეგომ ევრო 2020-ზე საფრანგეთთან (1:1) გამართული მატჩის შემდეგ განცხადება გააკეთა.
"ამ ფრისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. პორტუგალიასთან მარცხის შემდეგ გვესმოდა, რომ უნდა გავერთიანებულიყავით და საუკეთესოთა შორის საუკეთესოებთან თავი გამოგვეჩინა. საფუძვლიანად მოვემზადეთ თამაშისთვის, ყველა წვრილმანი შევისწავლეთ. ახლა ბედნიერები ვართ, მაგრამ არ გვტოვებს იმის განცდა, რომ სამი ქულის აღებაც შეგვეძლო", - ციტირებს ნეგოს სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
"ჰიმნების დროს ემოციებით ვივსებოდი, მაგრამ სასტარტო სასტვენის შემდეგ უკვე მთლიანად ჩემს დავალებაზე ვიყავი კონცენტრირებული. მატჩის შემდეგ გრიზმანს ვესაუბრე. მისი იმედგაცრუების მესმის. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს დავალებას გავუმკლავდით. იმედგაცრუებული გრიზმანის ხილვით გახარებული დავრჩი", - დასძინა უნგრელმა ფეხბურთელმა.
მოგეხსენებათ, უნგრეთის ნაკრების მხრიდან თავი ატილა ფიოლამ გამოიჩინა, ფრანგების მხრიდან კი - ანტუან გრიზმანმა.
30 წლის ნეგო წარმოშობით საფრანგეთიდანაა, რომელმაც უნგრეთის მოქალაქეობა და ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის უფლება მიიღო. მას საფრანგეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.