ლიპო პირველ ოლიმპიურ ოქროს უმიზნებს - ოლიმპიადის მორიგი დღე ქართველებისთვის
დღეს, 29 ივლისს, საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ვარლამ ლიპარტელიანი იჭიდავებს და თავისთვის პირველი ოლიმპიური ოქროს მოპოვებას შეეცდება.
-100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენი თავის გზას ოქროსკენ ტრადიციულად გამთენიისას დაიწყებს და იმედი ვიქონიოთ, რომ მას ბოლომდე წარმატებით გაივლის - ზუსტად ისე, როგორც ეს გუშინ ლაშა ბექაურმა გააკეთა.
ვარლამ ლიპარტელიანს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს - 32 წლის სპორტსმენს არაერთი ოქროს და ვერცხლის მედლები აქვს მოპოვებული, მათ შორის - ოლიმპიადაზეც.
ამ დრომდე ლიპოს ერთ ოლიმპიადაზე აქვს მონაწილეობა მიღებული - 2016 წელს რიოში ის ფინალში გავიდა და სამწუხაროდ ვერცხლს დასჯერდა.
2012 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობა ლიპარტელიანმა ტრავმის გამო ვერ მიიღო - ის თამაშებისთვის მზადებას ბორჯომში გადიოდა, როცა ის და გუნდის სხვა წევრი ავთანდილ ჭრიკიშვილი ავტოავარიაში მოყვნენ და მძიმედ დაშავდნენ, რის გამოც ოლიმპიადის გამოტოვება მოუწიათ.
2021 წელს ლიპოს წარმატებებს შორის არის დოჰას მასტერსზე მოპოვებული ოქროს მედალი, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლი და ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე - ბრინჯაო.