ლივერპული მზად არის საკუთარი სატრანსფერო რეკორდი დაამხოს
"ლივერპული" მზად არის "ბენფიკას" თავდამსხმელის, დარვინ ნუნიესის სანაცვლოდ რეკორდული თანხა გადაიხადოს.
როგორც არაერთი გამოცემა იტყობინება, ინგლისურმა გრანდმა ლისაბონელებს 22 წლის ფორვარდში 100 მილიონი ევრო შესთავაზა.
თუ "ბენფიკა" თანხმობას განაცხადებს, ურუგვაელი "ლივერპულის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ნუნიესის ხელში ჩაგდება პირადად მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს სურს, რომელიც მისი თამაშით მოიხიბლა.
თავის მხრივ, ნუნიესმა "ბენფიკას" ხელმძღვანელობას "ლივერპულში" გადასვლის სურვილის შესახებ უკვე ამცნო.
ამ დროისთვის, "წითლების" რეკორდული შენაძენი მცველი, ვირჯილ ვან დეიკია. ჰოლანდიელის სანაცვლოდ კლუბმა "საუთჰემპტონს" დაახლოებით 85 მილიონი ევრო გადაუხადა.
გასულ სეზონში ნუნიესმა ყველა ტურნირზე ერთად "ბენფიკას" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა.