"მათი დანახვა ძალიან გამიხარდა" - ჩაკვეტაძე ქართველ გულშემატკივრებზე
გერმანული ბუნდესლიგა 2-ის 22-ე ტურში ჰამბურგი უშუალო კონკურენტ ჰეიდენჰემს დაუპირისპირდა და 2-0 მოუგო.
აღნიშნულ მატჩში 66-ე წუთიდან ჩაერთო საქმეში ჰამბურგის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა და მოედანზე ყოფნის 25-წუთიანი მონაკვეთით 7.2-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
მატჩის შემდეგ ჰამბურგის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე BILD-ს ესაუბრა.
"ძალიან სასიამოვნო იყო ამ პერფორმანსის დანახვა, ძალიან გამიხარდა. შევხვდი ფანებს მატჩის დასრულების შემდეგ და მათ ჩემი მაისური ვაჩუქე. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჰაიდენჰაიმთან მოვიგეთ.
ჰამბურგში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, აქ შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც ძალიან კარგად მიმიღეს, მწვრთნელი ძალიან მეხმარება და ვგრძნობ, რომ კარგ ხელში ვარ. ჩვენი მიზანია ყველა თამაში მოვიგოთ და სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ. ბოლო რამდენიმე თვეა ბელგიაში თითქმის არ მითამაშია და ამიტომ, 90 წუთის განმავლობაში თამაში ჯერ არ შემიძლია. ბევრს ვმუშაობ და შემდეგ ჯერზე შესაძლოა, 35-45 წუთი ვითამაშო," - ციტირებს BILD გიორგი ჩაკვეტაძის სიტყვებს.
22 წლის შემტევი ჰამბურგს იჯარით 2022 წლის იანვარში გენტიდან შეუერთდა. ჩაკვეტაძემ გერმანელთა მაისურით ორჯერ ითამაშა და კლუბმა ორივე შეხვედრა პრინციპულ მეტოქეებთან მოიგო.
22 ტურის შემდეგ ჰამბურგი ბუნდესლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მე-2 პოზიციაზეა და პირველადგილოსან ვერდერთან სხვაობა 1 ქულაა.