ავტორიზაცია

"მცველებისთვის მესის წინააღმდეგ თამაში უფრო გამარტივდა", - რამიმ მიზეზი განმარტა

"მცველებისთვის მესის წინააღმდეგ თამაში უფრო გამარტივდა", - რამიმ მიზეზი განმარტა
თარიღი 08 Oct 2021, 21:52

"ტრუას" მცველმა, ადილ რამიმ, რომელსაც თავის დროზე ლა ლიგაში "ვალენსიასა" და "სევილიას" ღირსება დაუცვია, თავდამსხმელ ლიონელ მესის "ბარსელონადან" "პსჟ"-ში გადასვლის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენი ჩემპიონატი ახალ დონეზეა და ეს ძალიან მიხარია. ხალხი გილოცავს, როცა ამ ლიგაში ბრუნდები. ადრე ასე არ იყო", - ციტირებს 35 წლის ფრანგი უკანახაზელის სიტყვებს ლიგა 1-ის ოფიციალური საიტი.

"პსჟ"-ს მადლობა უნდა გადავუხადოთ - არა მტერი, არამედ მეტოქეა, არ დავიბნეთ. ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიც ლიონელ მესი და სერხიო რამოსი არიან, ლიგა 1 აყვავდა. "მარსელმაც" ახალი ციკლი დაიწყო სამპაოლისთან ერთად, იქ ბევრი ახალწვეულია. ნუ დავივიწყებთ "ლიონსაც".

"ჩემპიონატი სწორი მიმართულებით მიდის. იმედი მაქვს, ეს ახალგაზრდებს დარჩენის მოტივს აძლევს და არა წასვლის".

– მესი ახსენეთ, რომელიც ესპანეთში თქვენი დამამწუხრებელი გახლდათ - არცერთი გამარჯვება 12 მატჩში...

"დიახ, ერთხელაც არ მომიგია, მაგრამ სამი ფრე იყო, ამას დამატებული მისი 4 თუ 5 მაისური მაქვს. ყველაზე საწყენი - "სევილიამ" "ბარსა" 2:1 დაამარცხა, როცა ტრავმირებული ვიყავი".

"მაგრამ 12 მატჩი... ზედმეტად კარგი იყო. ყოველთვის ჩემს ზურგს უკან ჩნდებოდა, თამაშგარეში, შემდეგ ნელა ბრუნდებოდა, მოედნის ცენტრამდე მიდიოდა, კვლავ წინსვლას იწყებდა და პედროსთან ათამაშებდა ბურთს. შთამბეჭდავი იყო".

"ახლა უფრო ფლეიმეიქერია, ასე რომ მცველებისთვის უფრო მარტივია, ლოდინი შესაძლებელია. არა მგონია, ისეთი აჩქარებები შეეძლოს, როგორც ადრე", - დასძინა რამიმ.