მიქაუტაძე და კვარაცხელია ნაკრების საუკეთესო ბომბარდირობისკენ მიიწევენ

საქართველომ დღეს, დინამო არენაზე გამართულ დაპირისპირებაში სომხეთი 6-1 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი 9-1 გაანადგურა და ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
ამ ორ მატჩში გიორგი მიქაუტაძემ 4 გოლი გაიტანა, ერთიც ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ეროვნული გუნდის საუკეთესო ბომბარდირობისკენ მიიწევს. კვარაცხელიამ დღეს გატანილი გოლით თემურ ქეცბაიას გადაასწრო და სიაში მე-3 პოზიციას ერთპიროვნულად იკავებს. რაც შეეხება გიორგის - მან ორივე დაპირისპირებაში დუბლი შეასრულა: ერევანში გატანილი 2 გოლის შემდეგ, მიქაუტაძემ სომხების კარი თბილისშიც ორჯერ აიღო, ნაკრებში უკვე 20 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
საუკეთესო მეგოლეთა ტოპ 5 ასეთია:
1. შოთა არველაძე — 26 გოლი (61 მატჩში)
2. გიორგი მიქაუტაძე — 20 გოლი (37 მატჩში)
3. ხვიჩა კვარაცხელია — 18 გოლი (41 მატჩში)
4. თემურ ქეცბაია — 17 გოლი (52 მატჩში)
5. ალექსანდრე იაშვილი — 15 გოლი (67 მატჩში)