"მხოლოდ ესპანურად გველაპარაკება", - თანაგუნდელი ბეილზე, რომელსაც რეალში ენის არცოდნაში ადანაშაულებდნენ
"ლოს ანჯელესის" ესპანელი ნახევარმცველის, ილიე სანჩესის თქმით, მისი ახალი თანაგუნდელი, გარეტ ბეილი რეგულარულად საუბრობს ესპანურად.
"რეალში" ასპარეზობისას უელსელს მუდმივად ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ესპანურად ვერ ლაპარაკობდა, მიუხედავად მადრიდში გატარებული 9 წლისა.
მაგალითად, 2019 წელს "სამეფო კლუბის" აწ უკვე ექს-მცველმა, მარსელომ თქვა: "ბეილი ესპანურად ვერ ლაპარაკობს. ჟესტების დახმარებით ვკონტაქტობთ".
"გარეტი ესპანურად მელაპარაკება. აქ ერთადერთი ესპანელი ვარ, მაგრამ გუნდში ბევრი სამხრეთ და ცენტრალური ამერიკელია".
"მას მხოლოდ ესპანურად უნდა ჩვენთან საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ზოგჯერ ინგლისურად მივმართავთ, ის კი ესპანურად გვპასუხობს!".
"საქმეში ძალიან ჩართულია. რამდენიმე დღის წინ სტადიონზე დახვედრის ცერემონია გაიარა, გულშემატკივრებს მეგაფონით მიესალმა. ბედნიერად გამოიყურება", - ციტირებს სანჩესის სიტყვებს AS-ი.