მოთამაშე, რომლის გაყიდვაზე დამოკიდებულია კვარაცხელიას გლადბახში ტრანსფერი - სად და რა თანხად გადადის ის?
ხვიჩა კვარაცხელიას სახელს აქტიურად უკავშირებენ მიუნხენგლადბახის "ბორუსიას", თუმცა ყველა ერთხმად თანხმდება იმ ფაქტზე, რომ სანამ კლუბი არ გაყიდის თავის რომელიმე ძვირადღირებულ მოთამაშეს, ტრანსფერი არ შედგება.
"პრუსიელებისთვის" ასეთი არის მარკუს ტურამი, რომელიც არის გუნდის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და ამასთან ერთად, მის სახელს არაერთ გუნდს უკავშირებენ.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ფინანსურ კრიზისამდე, "სამფეროვნები" ფრანგი შემტევის სანაცვლოდ ითხოვდნენ 40 მილიონს, თუმცა ახლა მისი ფასი 25 მილიონამდე არის ჩამოვარდნილი.
რაც შეეხება "მიუნხენგლადბახის" ვინგერით დაინტერესებულ კლუბებს - "ბარსელონა" (ერთ დროს), ტურინის "იუვენტუსი", "ნაპოლი", "რომა" და "ტოტენჰემი".
ლილიანის შვილი შეტევაში გამოირჩევა უნივერსალიზმით, თუმცა ქართველი გარემარბის მსგავსად, ყველაზე სახიფათო ის მარცხნიდან არის.
გერმანული პრესა დარწმუნებულია, რომ თავისი ათიანის გაყიდვის შემთხვევაში, "ბორუსია" სწორედ ყაზანის "რუბინის" ფლანგელს გადმოიბირებს.
პრესაში აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 23-წლის შემტევისთვის ბრძოლაში ფავორიტად "ბებერი ქალბატონი" მოიაზრება.