"ნაკრებში თამაშზე უარს ვაცხადებ", - ობამეიანგი და მისი თანაგუნდელი დიდ სკანდალში გაეხვნენ
"ნიცას" გაბონელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მარიო ლემინამ სანაკრებო კარიერის დასრულება დაადასტურა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელმა აფრიკის თასზე განასთან გამართული მატჩი გულის პრობლემების გამო გამოტოვა, რომელიც კორონავირუსის გადატანის შემდეგ აღმოაჩნდა.
თუმცა, როგორც RMC Sport-ი იტყობინება, ლემინა გუნდის შეკრებაზე ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა. ანალოგიური ცნობები გამოქვეყნდა "არსენალის" ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგის შესახებაც. ორივე მათგანმა გუნდის განკარგულება უკვე დატოვა.
"ჩემთვის ზიანის მოსაყენებლად მოგონილი ტყუილების ცეცხლზე ნავთის დასხმას არ ვაპირებ".
"არ მადარდებს. ძალიან მტკივნეულია, რომ ჩვენი ნაკრების გარშემო მხოლოდ მატყუარები არიან, რომლებსაც მხოლოდ აჟიოტაჟის შექმნა სჭირდებათ. წარმატებები გუნდს ტურნირზე", - ასეთი განცხადება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ორივე მოთამაშემ.
ლემინამ ცალკე აღნიშნა, რომ ნაკრებში თამაშს აღარ აპირებს.
"თავიანთი ნამდვილი სახე თავადვე გამოამჟღავნეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ვითომდა გულმოდგინედ ეძებენ ნაკრების გარშემო არსებული პრობლემების მოგვარებას. ეს საზიზღრობა უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება. აღარაფერი დამრჩა გასაკეთებელი - ამას წერტილი დავუსვი".
"მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ როცა მთელი ეს სიცრუე ჩემს ოჯახზეც მოქმედებს, სირცხვილია. ნაკრებში ასპარეზობაზე უარს ვაცხადებ", - დასძინა ლემინამ.