ავტორიზაცია

ოთარ კაკაბაძე: "ნაკრებს გამარჯვებულის მენტალიტეტი რომ აქვს და გამარჯვებების მოპოვება შეუძლია, ბევრჯერ დაუმტკიცებია"

ოთარ კაკაბაძე: "ნაკრებს გამარჯვებულის მენტალიტეტი რომ აქვს და გამარჯვებების მოპოვება შეუძლია, ბევრჯერ დაუმტკიცებია"
თარიღი 25 მარ 2024, 21:38
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს თბილისში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის შეკითხვებს ოთარ კაკაბაძემ უპასუხა.

ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): მოუთმენლად ველით ხვალინდელ თამაშს. გუნდში ყველას გათვითცნობიერებული აქვს, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ მთელი ქვეყნისთვის. ძალიან ამაღლებული განწყობაა, მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ და ვემზადებით ხვალინდელი შეხვედრისთვის.

ძალიან ვამაყობ ამ ნაკრებში თამაშით. გუნდში, რომელსაც ამხელა სიხარულის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის. ნაკრებს გამარჯვებულის მენტალიტეტი რომ აქვს და გამარჯვებების მოპოვება შეუძლია, ბევრჯერ დაუმტკიცებია. იყო პრობლემებიც, თუმცა ახლა ყველაფერი გვაქვს ამ თამაშის მოსაგებად. დარჩენილია მოედანზე გასვლა და ყველაფრის გაკეთება მოსაგებად, გულშემატკივრის მხრიდან კი, მხარდაჭერეა, როგორც ეს წინა შეხვედრაში იყო. დარწმუნებული ვარ, ძალიან დადებითად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ამდენ ადამიანს სურს ჩვენი მხარდაჭერა და ის, რაც ქვეყანაში ხდება".

საქართველოს და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი 26 მარტს, დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

19:00 საათიდან, რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ფანზონა იფუნქციონირებს, სადაც მატჩის დიდ ეკრანზე ტრანსლირება მოხდება. კოკა კოლას და საქართველოს ბანკის მიერ მოეწყობა სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ადგილზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ოფიციალური ფანშოპი, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ.

Nakrebi.ge