პარედესი: "მესის ტიტული ჩვენთვის არგენტინასთან ერთად მოპოვებულ გამარჯვებაზე დიდი ჯილდოა"
არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა 2021 წლის კოპა ამერიკის მოგების შემდეგ განცდილი ემოციები გაიხსენა.
"ვფიქრობ, იმაზე უკეთესი იყო, რაზეც ვოცნებობდით. ჩემი აზრით, ოცნებაც კი არ არის იმაზე სრულყოფილი, რაც ჩვენ განვიცადეთ. ეს 45 სასწაული დღე იყო", - ციტირებს "პსჟ"-ს ფეხბურთელის სიტყვებს TNT Sports-ი.
"ლეო მესი ჩემპიონი გახდა და ჩვენთვის ეს უფრო დიდი ჯილდო იყო, ვიდრე ნაკრებთან ერთად გამარჯვება. როგორც უკვე ვთქვი, არცერთი ოცნება არ არის ისეთი იდეალური, როგორიც ის ყველაფერი, რაც იმ ტურნირზე ჩვენს თავს მოხდა".
"ჩვენთვის ჯილდოა ის, რომ ლეოს ტიტულის მოგებაში დავეხმარეთ და ამაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ვფიქრობ, ძალიან განიცდიდა. ამდენი წაგებული ფინალის შემდეგ, ჩვენც განვიცდიდით, არგენტინელები. კარგია, ნაკრებთან ერთად ტიტულის დასაკუთრებაში დავეხმარეთ. ჩვენთვის ეს საკმარისზე დიდი ჯილდოა", - დასძინა პარედესმა.
მოგეხსენებათ, 2021 წლამდე მესის არგენტინასთან ერთად 4 ფინალი ჰქონდა წაგებული - 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის და კოპა ამერიკის სამი გათამაშების (2007, 2015 და 2016 წლებში).