ქეცბაიას და ანორთოსისის ისტორია დასასრულს უახლოვდება - სად წავა ქართველი მწვრთნელი?
თემურ ქეცბაიას კონტრაქტი ფამაგუსტას "ანორთოსისთან" გათვლილია მიმდინარე სეზონის ბოლომდე და მის გახანგრძლივებაზე არაფერი ისმის.
კვიპროსული პრესა წერს, რომ "თეთრ-ლურჯები" ცდილობენ ქართველი სპეციალისტის შენარჩუნებას და უახლოეს პერიოდში მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.
ბერძნული Sport Day-ის თანახმად კი "ანორთოსისის" ამჟამინდელ დამრიგებელს ერთი საინტერესო მსურველი უკვე გამოუჩნდა.
საუბარია "პაოკის" შესახებ, რომელიც 53-წლის მწვრთნელის პაბლო გარსიას ერთ-ერთი პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.
ქეცბაიას პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია, ისევე როგორც ფამაგუსტაში დარჩენის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სპეციალისტი საბერძნეთში სხვადასხვა დროს პირეოსის "ოლიმპიაკოსსა" და ათენის "აეკს" წვრთნიდა.