"რობოტია, ჩემპიონი და 2021 წელს ოქროს ბურთი მან დაიმსახურა", - რიბერიმ თავისი ფავორიტი დაასახელა
"ბაიერნის" ყოფილი, ამჟამად კი იტალიური "სალერნიტანას" გარემარბი, ფრანკ რიბერი მიიჩნევს, რომ "ოქროს ბურთი" მიუნხენელთა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაიმსახურა.
მოგეხსენებათ, გასულ წელს საფეხბურთო სამყაროში ყველაზე ინდივიდუალური ჯილდო "პსჟ"-ს არგენტინელ სუპერვარსკვლავს, ლიონელ მესის ერგო, ხოლო პოლონელმა მეორე ადგილი დაიკავა.
"რობერტი ყოველდღე ბევრს და კარგად მუშაობს. მისი გოლების უკან არა მხოლოდ ტალანტი, დიდი პროფესიონალიზმიც დგას".
"რობოტია. რობერტმა ჯერ კიდევ ჩემთან და რობენთან ერთად იმდენი გოლი გაიტანა და ამის კეთებას დღემდე აგრძელებს - ეს შემთხვევითობა არ არის".
"ლევანდოვსკი ჩემპიონია და 2021 წელს "ოქროს ბურთი" მან დაიმსახურა", - თქვა ვეტერანმა ფრანგმა Tuttosport-თან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ 33 წლის ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა.