რონალდუს აგენტი სპორტინგსაც დაუკავშირდა — ლისაბონელთა მთავარი მწვრთნელი ტრანსფერის წინააღმდეგია
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა პორტუგალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს.
როგორც გამოცემა The Athletic-ი იტყობინება, 37 წლის სუპერვარსკვლავი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდში გადასვლითაა დაინტერესებული.
ასე და ამგვარად, ბევრი სხვა გუნდის გარდა, კრიშტიანუს აგენტი, ჟორჟე მენდეში თავისი კლიენტის ექს-კლუბ "სპორტინგსაც" დაუკავშირდა.
ლისაბონელებისთვის ამ ტრანსფერის გასაჩარხად საჭირო თანხის შეგროვება რთულია - ეს თავად რონალდუს ხელფასსაც ეხება. ამავდროულად, პორტუგალიის ვიცე-ჩემპიონების მთავარი მწვრთნელი, რუბენ ამორიმი კრიშტიანუს დამატების წინააღმდეგია, რადგან ეს გუნდის სათამაშო მოდელში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს.
ამავდროულად, კომერციული და მარკეტინგილი თვალსაზრისით, მსოფლიო ვარსკვლავის მიწვევა "სპორტინგისთვის" ძალზედ მიმზიდველია.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, გამოცდილი ფორვარდისადმი ინტერესს მადრიდის "ატლეტიკოც" იჩენს.
მოგეხსენებათ, რონალდუ "სპორტინგის" აკადემიის აღზრდილია და კლუბში 2003 წლამდე ირიცხებოდა.