ავტორიზაცია

სანაკრებო სუპერთასი მართლაც გაიმართება? კონმებოლმა უეფას შეთავაზებით მიმართა

სანაკრებო სუპერთასი მართლაც გაიმართება? კონმებოლმა უეფას შეთავაზებით მიმართა
თარიღი 13 ივლ 2021, 13:11

სამხრეთამერიკული ფეხბურთის კონფედერაციამ (კონმებოლმა) უეფას არგენტინისა და იტალიის ნაკრებებს შორის მატჩის ჩატარება შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინამ რამდენიმე დღის წინ კოპა ამერიკა მოიგო, იტალიამ კი - ევროპის ჩემპიონატი. ამ ორი გუნდის პოტენციური დაპირისპირება კი შეიძლება სუპერთასის სტილში გაიმართოს.

კონმებოლი ფიქრობს, რომ აღნიშნული მატჩი „ჩემპიონების დუელი“ იქნება.

თუმცა, კალენდარში არსებული პრობლემების გამო, აღნიშნული შეხვედრის 2021 წელს ჩატარება გაჭირდება.

მიუხედავად ამისა, TyC Sports-ის ჟურნალისტი, სესარ ლუის მერლო წერს, რომ აღნიშნული დაპირისპირების ჩატარების ალბათობა საკმაოდ მაღალია და შესაძლოა, კონტინენტების ჩემპიონები ერთმანეთს 2022 წელს დაუპირისპირდნენ.

კლუბებში სუპერთასის პრაქტიკა უკვე დიდი ხანია არსებობს - ევროპა ლიგის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონს უპირისპირდება. 

წელს, მაგალითად, ევროპა ლიგის გამარჯვებული „ვილიარეალი“ სუპერთასზე ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონ „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

კონმებოლს სურს, აღნიშნული მატჩი სანაკრებო დონეზეც დანერგოს.