სანტუში: "რონალდუს ყოველთვის გოლებით აფასებენ და გუშინ ვერ გაიტანა, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა"
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა თურქეთთან მატჩში გუნდის კაპიტან კრიშტიანუ რონალდუს თამაში შეაფასა.
მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში პორტუგალიელებმა მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს, მაგრამ 37 წლის სუპერვარსკვლავს გოლი არ გაუტანია.
"რონალდუს ყოველთვის გოლებით აფასებენ, ყველა მატჩში ასეა. ჩემი გადმოსახედიდან ბრწყინვალე თამაში ჩაატარა, გუნდს იყო მიჯაჭვული, იშრომა, პრესინგს მიმართავდა".
"არ გაუტანია, მაგრამ ეს რონალდუს შესანიშნავ ასპარეზობას არანაირად არ აკნინებს. რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მათი გამოყენება ვერ მოახერხა. თუმცა, სხვებსაც ბევრი შესაძლებლობა შეუქმნა და ეს უნდა აღინიშნოს", - ციტირებს სანტუშის სიტყვებს A Bola.
შეგახსენებთ, ყატარში გასამართი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფის ფინალში პორტუგალია ჩრდ. მაკედონიას დაუპირისპირდება, რომელმაც სენსაციურად იტალია (1:0) დაამარცხა.