სასამართლო ნეიმარის ბარსელონაში ტრანსფერის თაობაზე — მოწმის სტატუსით ჩვენებას პერესიც მისცემს
"რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელის, ნეიმარის სასამართლოზე ჩვენებას მოწმის სახით მისცემს.
შეგახსენებთ, კომპანია DIS-მა ამჟამად "პსჟ"-ს ფეხბურთელის, მისი მშობლების, "ბლაუგრანას" ყოფილი პრეზიდენტების, ხოსეპ მარია ბართომეუსა და სანდრო როსელის, აგრეთვე "სანტოსის" ექს-დირექტორის, ოდილიო როდრიგესის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
DIS-ი ბრაზილიელ ფეხბურთელზე სატრანსფერო უფლებების 40%-ს ფლობდა, რომელიც 2009 წელს შეიძინა, "სანტოსში" ნეიმარის ასპარეზობის პერიოდის დასაწყისში. კომპანიის ცნობით, ნეიმარის "ბარსელონაში" ტრანსფერისგან შესაბამისი თანხა არ მიუღია და კომპენსაციის სახით 150 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს, აგრეთვე სამხრეთამერიკელი სუპერვარსკვლავისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯას.
ფლორენტინო პერესი აღნიშნულ საქმეზე 18 მოწმიდან ერთ-ერთი იქნება, სხდომა 17-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. დიდი ალბათობით, "რეალის" ხელმძღვანელი ჩვენებას 18 ოქტომბერს მისცემს.
ერთ-ერთი მტკიცებულების სახით, DIS-ი სასამართლოში პერესის მიერ 2016 წელს ჩაწერილ ინტერვიუს წარადგენს, სადაც თქვა, რომ "რეალი", რომელიც აგრეთვე იყო ნეიმარის შეძენით დაინტერესებული, ფეხბურთელის "სანტოსიდან" შესაძენად სატრანსფერო უფლებების ყველა მფლობელისთვის დაახლოებით 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა.