სტვენა ბურთთან ყოველ შეხებაზე — რამოსმა გუშინდელ შეხვედრაში მესისა და ნეიმარის ბედი გაიზიარა

გუშინ, საფრანგეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის ეგიდით, "პარი სენ ჟერმენმა" შინაურ კედლებში "ლორიანს" უმასპინძლა.
"პარკ დე პრენსზე" გამართული შეხვედრა პარიზელებმა გამანადგურებელი ანგარიშით მოიგეს - 5:1.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაპირისპირების 72-ე წუთზე მოედანზე "პსჟ"-ს ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი მოგვევლინა.
36 წლის ესპანელმა უკანახაზელმა 23 იანვრის შემდეგ პირველად ითამაშა.
რამოსმა თანაგუნდელების, ლიონელ მესისა და ნეიმარის ბედი გაიზიარა - გულშემატკივრები გამოცდილ ფეხბურთელს ბურთთან ყოველ შეხებაზე უსტვენდნენ.
მოგეხსენებათ, სერხიო ხშირად ტრავმიანობს, რის გამოც მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ს მაისურით მხოლოდ 6-ჯერ ითამაშა და ერთი გოლის გატანა მოახერხა.