ყველაფერი შეთანხმებულია - როდის დაადასტურებს ბარსელონა ხავის დანიშვნას?
"ალ სადის" მთავარი მწვრთნელი, ხავი ერნანდესი "ბარსელონას" ჩაუდგება სათავეში, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.
გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის კატალონიელი პარასკევს ყატარულ კლუბს 4 ნოემბერს წასვლაზე შეუთანხმდა, იქამდე კი რჩება.
სწორედ ამით აიხსნება "ალ სადის" გუშინდელი განცხადებაც იმის თაობაზე, რომ ხავის გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს და უახლოეს მატჩებზეა კონცენტრირებული.
ასე და ამგვარად, ხავი "ბარსაში" უფასოდ წავა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა არ მოუწევთ, რომელიც 1 მილიონ ევროს შეადგენს. სანაცვლოდ, "ალ სადში" მოხარულნი დარჩებიან, თუ "ბარსა" უახლოესი ორი წლის მანძილზე მათთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
"ბარსელონაში" ხავის დანიშვნის შესახებ უახლოეს ოთხშაბათს ან ხუთშაბათს უნდა გამოცხადდეს. მშობლიურ ქალაქში კატალონიელი ხუთშაბათს ან პარასკევს ჩავა.