ჭანტურია: "ტორპედოსთან მატჩი ყოველთვის დაძაბულია, მაგრამ ყველაფერი ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჭანტურია: "ტორპედოსთან მატჩი ყოველთვის დაძაბულია, მაგრამ ყველაფერი ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული"


8-თვიანი პაუზის შემდეგ, თბილისის "დინამოს" 20 წლის ცენტრალური მცველი, ნიკა ჭანტურია დაუბრუნდა. დედაქალაქელთა კაპიტანმა მონაწილეობა 2 დღის წინ გამართულ სპარინგ მატჩში მიიღო, სადაც მათ თბილისის "ლოკომოტივი" 3-1 დაამარცხეს. GOAL.GE აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ახალგაზრდა უკანახაზელს გაესაუბრა. - პირველ რიგში, გილოცავთ დაბრუნებას. შეაფასეთ სპარინგი "ლოკომოტივთან" და თქვენი თამაში თბილისელთა წინააღმდეგ. - მადლობა მოლოცვისთვის. თამაშს ჩემთვის ემოციური დატვირთვა ჰქონდა და არ გამკვირვებია, რომ 8 თვის შემდეგ ხარისხი სასურველი არ იყო. - გაგიჭირდა თუ არა დიდხნიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო რიტმში ჩაჯდომა? - 7-8 თვიანი პაუზის შემდეგ, ძნელია, დაბრუნდე და ოპტიმალურ ფორმაში იყო. ეს ყველაფერი პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა, ფორმაში შესვლასთან დაკავშირებით, არა მგონია, პრობლემა შემექმნას. - გავიხსენოთ ტრავმის შემდგომი პერიოდი და ის ემოციები, რომლებიც მოედანზე დაბრუნების შემდეგ დაგეუფლა... - რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელისთვის რთულია ტრავმის შემდგომი პერიოდი. დრო, როდესაც ხანგრძლივად უქმობ. აქედან გამომდინარე, სასიამოვნოს ვერაფერს გავიხსენებ, განსხვავებით "ლოკომოტივთან" მატჩისა, რომელიც ჩემთვის ემოციური იყო. - "დინამო" შემდეგ მატჩს ქუთაისში, "ტორპედოს" წინააღმდეგ გამართავს. როგორ ფორმაში ხვდები მოახლოებულ დაპირისპირებას? - "დინამო"-"ტორპედო" ყოველთვის დაძაბული და საინტერესო თამაშია და კარგია, რომ აღნიშნულ მატჩს ასეთი დაძაბულობა ახლავს, თან ეს შეხვედრას უფრო საინტერესოს ხდის და ფეხბურთელებს მოტივაციას უმატებს, მაგრამ ყველაფერი წესებს უნდა ექვემდებარებოდეს და ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს მდგომარეობას ამ მატჩისთვის, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ჩემი სათამაშო ფორმა მან უკეთ იცის.

საბა საპანაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები