საფეხბურთო კურიერი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საფეხბურთო კურიერი


თუ თქვენ დროის უქონლობის გამო ვერ ეცნობით დღის განმავლობაში გაჟღერებულ საფეხბურთო სიახლეებს, ან, უბრალოდ, გამოგრჩათ დღის „ნიუსები“, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. საფეხბურთო საიტი Goal.Ge განაგრძობს თქვენს განებივრებას და ამჯერად წარმოგიდგენთ ყოველდღიურ რუბრიკას, „საფეხბურთო კურიერი“, სადაც თავმოყრილი არის დღის განმავლობაში გავრცელებული ყველაზე საინტერესო და ყურადსაღები სტატიები. კურიერის პირველ ნაწილში დღის განმავლობაში გავრცელებულ „ნიუსებზე“ მოგიყვებით.  

ბენიტესი : „რამოსისთვის ლუდის დალევა არასდროს ამიკრძალავს“

მადრიდის „რეალის“ თავკაცი რაფაელ ბენიტესი ყვითელ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „წავიკითხე, რომ თითქოს ბენიტესი სალათის ჭამამდე ზეითუნის ზეთის რაოდენობას ითვლის. კიდევ ის, რომ ბენიტესმა სერხიო რამოსი ლუდის დალევის გამო დასაჯა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერს და სრული სიცრუეა“ – განუცხადა ესპანელმა Radio Nacional–ს.  

მეჰიასი: „რუნის დარტყმულის მოგერიებაში დაუნინგი დამეხმარა“

„გულწრფელად გეტყვით, რუნის დარტყმები შესწავლილი არ მქონია. სტიუარტ დაუნინგმა მითხრა, რომ რუნი თერთმეტმეტრიანს მარჯვენა კუთხეში დაარტყამდა და მეც დავუჯერე.“განაცხადა ფრანსისკო მეჰიასმა Goal–თან საუბრისას.  

აარონ რემსი: „იოზილი დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ფაბრეგასი საუკეთესოა“

უელსელმა აარონ რემსიმ მესუთ იოზილი შეაქო და მის კარგ სათამაშო ფორმას ხაზი გაუსვა, თუმცა, განაცხადა, რომ ის ფაბრეგასის დონის არ არის. „მესუთ იოზილს მოედნის არაჩვეულებრივი ხედვა აქვს, ის ბევრ საგოლე გადაცემას აკეთებს. ის ადვილად პოულობს „ღრიჭოებს“ და მწვავე შეტევებს ავითარებს. თუმცა, სესკ ფაბრეგასი საუკეთესოა, ვისთან ერთადაც „არსენალში“ მითამაშია. ორივე ერთი და იგივე პოზიციაზე ვთამაშობთ და „არსენალში“ ყოფნის დროს მისგან უამრავი რამ ვისწავლე“ – აცხადებს რემსი.  

ბრავო: „ბარსელონას საუკეთესოს მესი ხდის“

„ბარსას“ ჩილელმა კიპერმა, კლაუდიო ბრავომ ლეო მესიზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ლუის ენრიკეს გუნდის მთავარი „იარაღია“. „მისი შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ გვყავს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები, რომლებიც ცდილობენ, რომ „ბარსელონამ“ მესის დანაკლისი ვერ იგრძნოს. ნეიმარი და სუარესი არაჩვეულებრივი ფეხბურთელები არიან, მაგრამ როდესაც მოედანზე მესისთან ერთად გადიხარ, ეს დამატებით მოტივაციას გმატებს“ – ციტირებს ბრავოს სიტყვებს Goal-ი.

ტიაგო სილვა: „მადრიდში რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება შეგვიძლია“

„პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელმა კაპიტანმა ჟურნალისტებთან საუბრისას „რეალთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა. „სამეფო კლუბს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მადრიდში რაიმე განსაკუთრებულის მოხდენა შეგვიძლია. იმ ფეხბურთელებსაც კი, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არ არიან.“ – ამბობს სილვა.

რონალდო: „მინდა, რომ ხალხს ვძულდე“

კრიშტიანო რონალდო ცნობილ ბრიტანულ გამოცემა The Times-ს ესაუბრა. „ხალხის სიძულვილში კარგი უნდა დაინახო. მე მჭირდება მტრები, ისინი კივილს იწყებენ, როდესაც ბურთს ვეხები“ „სიძულვილს 18–19 წლის ასაკიდან შევეჩვიე და ეს ჩემთვის მხოლოდ მოტივაციის წყაროა“ – აცხადებს რონალდო.

მაიკონი: „ინტერი ჩემი წარსულია, რომა კი მიყვარს“

„რომას“ 34 წლის ბრაზილიელმა მცველმა, დუგკლას მაიკონმა, რომელიც „ინტერში“ 2006–2012 წლებში თამაშობდა, ყოფილ და ახლანდელ გუნდზე ისაუბრა. „რა თქმა უნდა, სან სიროზე თამაში ძალიან რთული იქნება. წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება. ინტერი ? ის ჩემი წარსულია, მაგრამ ახლა მე რომა მიყვარს და რუდი გარსიას განკარგულებაში ვარ“ – ამბობს მაიკონი.

ჯეიმსი: „ნავასი დე ხეაზე კარგი მეკარეა“

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კიპერმა, დევიდ ჯეიმსმა დავიდ დე ხეას „რეალში“ ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა. „ვუყურებ კეილორ ნავასის თამაშს და ვერ ვხვდები, რატომ უნდოდა „რეალს“ დე ხეას შეძენა. მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, დავიდ დე ხეა უმაღლესი კლასის მეკარეა, მაგრამ მე ნავასი მირჩევნია“   კურიერის მეორე ნაწილში წარმოგიდგენთ დღის განმავლობაში მედიაში გავრცელებულ სატრანსფერო ჭორებს:  
  • „არსენალი“ მოდესტეთი დაინტერესდა
ენტონი მოდესტემ მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 9 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. არსენ ვენგერი მის გადმობირებას იანვარში შეეცდება. წყარო: ran.de
  • „ბარსელონა“ დიეგო კოშტას უმიზნებს
კატალონიური „ბარსელონას“ მთავარი მიზანი დიეგო კოშტაა. ლუის ენრიკე როგორც ფეხბურთელს, ისე მის სათამაშო სტილს დიდ პატივს სცემს. წყარო: Daily Express
  • ოდეგაარდს „რეალის“ დატოვება უნდა
როგორც ესპანური პრესა იტყობინება, ნორვეგიელ თინეიჯერს მადრიდის „რეალის“  დატოვება სურს. წყარო: Daily Telegraph
  • რონალდო ზაფხულში „პსჟ“–ს შეუერთდება
ინგლისური პრესის ინფორმაციით, პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო პარიზულ „სენ ჟერმენს“ გაურიგდა. რონალდოს ტრანსფერზე „ბლანკოსიც“ თანახმაა. წყარო: Marca
  • „პსჟ“ და „ჩელსი“ ალექს ტეიშეირასთვის იბრძვიან
„ჩელსი“ უკვე კარგა ხანია, რაც „შახტარის“ გამთამაშებლით, ალექს ტეიშეირათია დაინტერესებული. „ჩელსის“ ტეიშეირასთვის ბრძოლაში „იუვენტუსისა“ და „პსჟ“–ს დამარცხება მოუწევს. წყარო: Le 10 Sport   კურიერის მე–3, ბოლო ნაწილში კი გთავაზობთ შიდა რუბრიკას – „დამატებით დრო :

რონალდომ მანქანის მართვისას სელფი გადაიღო

კრიშტიანო რონალდომ თავის Instagram გვერდზე გამოაქვეყნა ე.წ „სელფი“, რომელიც საკუთარ ავტომობილშია გადაღებული. აღსანიშნავი კი ისაა, რომ ფოტოზე აშკარად ჩანს, რომ მანქანა მოძრაობაშია. ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, მანქანის მართვისას ტელეფონის გამოყენება 200 ევროიანი ჯარიმით ისჯება. მართალია, რონალდოს ამ თანხის დაკარგვა არ დააზარალებს, მაგრამ ეს ისეთი ცნობადი ფიგურისგან, როგორიც პორტუგალიელი შემტევია, არაეთიკური და მიუღებელია.

„ყოჩაღ მსუქანა, შენ ჩემი ჰამბურგერი გმართებს“ – წერს ნეიმარი სუარესის ჰეთ–თრიკის ბურთზე

„ეიბართან“ შესრულებული ჰეთ–თრიკის შემდეგ ლუის სუარესმა სათამაშო ბურთის სახლში წაღება გადაწყვიტა, თანაც თანაგუნდელებს ხელიც მოაწერინა. „ყოჩაღ მსუქანა, შენ ჩემი ჰამბურგერი გმართებს. გილოცავ მეგობარო, იმედია, კიდევ უფრო ბევრს მიაღწევ“ – ასე მიულოცა ბრაზილიელმა ნეიმარმა ურუგვაელ 9–იანს.    

იბრაჰიმოვიჩმა შვედეთში ეკლესია შეიძინა

შვედურმა უძრავი ქონების სააგენტომ, Fastighetsvarlden–მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 110 მილიონი შვედური კრონის სანაცვლოდ ოსტერმალმში ეკლესია შეიძინა. როგორც შვედური მედია იტყობინება, ჯურკა გრავიჩმა, ზლატანის დედამ თავისი ჰოლდინგის საშუალებით ეს უძრავი ქონება შეიძინა, მაგრამ საბუთებში ყველგან თავისი შვილის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახელია დაფიქსირებული.  

სერხიო რამოსმა მუშაობა სუპერმარკეტის დარაჯად დაიწყო ?

სოციალურ ქსელ „თვითერზე“ გავრცელდა ფოტო, რომელიც ტენერიფეში, ერთ ჩვეულებრივ სუპერმარკეტშია გადაღებული. აღსანიშნავი კი ის არის, რომ ფოტოზე აღბეჭდილი დაცვის თანამშრომელი 1/1 –ში გავს „რეალის“ ცენტრალურ მცველს, სერხიო რამოსს.   დღის Gif-ი: http://gifyu.com/images/SergioramosvsPepe.gif  

დიმა კუტუბიძე, სპეციალურად Goal.Ge–სთვის.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები