ავადმყოფობიდან ლეგენდობამდე: "ყველაზე დაბალი ვიყავი და ყოველდღე ნემსები მჭირდებოდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ავადმყოფობიდან ლეგენდობამდე: "ყველაზე დაბალი ვიყავი და ყოველდღე ნემსები მჭირდებოდა"


ავადმყოფობიდან ლეგენდობამდე:
არსებობენ ჩვეულებრივი მოთამაშეები, ვარსკვლავები და არსებობს ლიონელ მესი, ბევრისთვის ნაცნობი, როგორც „უცხოპლანეტელი“. ფეხბურთელი, რომელიც ყოველდღიურად ამტკიცებს იმას, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ქვემოთ მოცემულ სტატიაში იხილავთ მსოფლიოს ყველა დროის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის ისტორიიდან ამონარიდებს.

ბავშვობაში მესი ახალგაზრდული გუნდების კოშმარი იყო. „ნიუელს ოლდ ბოიზის“ მთავარი მწვრთნელები მაშინვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ მესი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 500-ზე მეტ გოლს გაიტანდა. პატარა ლეოს ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ თითო თამაშში საშუალოდ 10-12 გოლი გაჰქონდა. ხშირი იყო შემთხვევები, როცა მესის მიერ გატანილი მე-6 გოლის შემდეგ, „ნიუელს ოლდ ბოიზის“ მეტოქეები გასახდელში შესულან და მატჩი დროზე ადრე დაუსრულებიათ. მათთვის ბედნიერი იყო ის დღე, როცა მესი გარკვეული მიზეზების გამო მოედანზე გასვლას ვერ ახერხებდა.

მესის ბავშვობიდან ჰქონდა განსაკუთრებული მოტივაცია, რათა გამხდარიყო მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე. ცნობილია, რომ იმ დროს, „ნიუელს ოლდ ბოისის“ მთავარი მწვრთნელი, კარლოს მარკონი ლიონელ მესის თითო გატანილ გოლზე თითო შოკოლადიან ნამცხვარს ჩუქნიდა, რაც მესისთვის დამატებითი მოტივაცია იყო. თუ ლეო შეხვედრაში 10 გოლს გაიტანდა, მაშინ არა მხოლოდ მას, არამედ მთელ გუნდს კარგი დღე ექნებოდა.

იმისათვის, რომ მესის უფრო მეტი ემუშავა საკუთარ თავზე, მწვრთნელმა არგენტინელისთვის 2 შოკოლადიანი ნამცხვარი დააწესა თავით გატანილ გოლზე. „შემდეგ შეხვედრაშივე, ლეომ მოატყუა მეტოქე გუნდის ყველა მოთამაშე, დადგა კართან, ბურთი აიგდო და თავით გადაგზავნა მეტოქის კარში. მან შემომხედა მე და მითხრა, მომეცი ორი ნამცხვარი“, - გაიხსენა მარკონიმ.

როცა მესის 9 წელი შეუსრულდა, „ნიუელს ოლდ ბოისში“ ფიქრობდნენ, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მესის ყველა პარტნიორი იზრდებოდა, ხოლო ლიონელი კი კვლავ 1 მეტრი და 27 სანტიმეტრი სიმაღლის რჩებოდა. ოჯახში ლეო სხვადასხვა ექიმებთანაც დაჰყავდათ, რათა მისი სიმაღლის შეფერხების მთავარი მიზეზი გაეგოთ.
ეს ლიონელს საბავშვო ტურნირებზე წარმატების მიღწევაში ხელს საერთოდ არ უშლიდა, თუმცა „ნიუელს ოლდ ბოისის“ მწვრთნელები შიშობდნენ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ შესაძლოა ლეოს უფროსი ასაკის მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში გასჭირვებოდა და ფიზიკური მონაცემების გამო დაჩაგრულიყო.

ექიმი, რომელმაც მესი დააწყნარა

ამგვარად, 9 წლის მესის სიმაღლის ჰორმონების ნაკლებობა აღმოაჩნდა, ამიტომაც მისი ორგანიზმისთვის ვიტამინები გახდა აუცილებელი. ენდოკრინოლოგი დიეგო შვარდშტეინი, რომელის ორწელიწადნახევარი მუშაობდა მესისთან ერთად როსარიოში ამბობს, რომ მის პრაქტიკაში ასეთი შემთხვევაში უიშვიათესი იყო. მსგავსი პრობლემა შესაძლოა 20 ათასი ბავშვიდან მხოლოდ ერთს ჰქონდეს.

ამგვარად, მესის დასჭირდა ყოველდღიური ინექცია ხელებსა და ფეხებზე, რაც დაახლოებით 3-6 წელი უნდა გაგრძელებულიყო. პროფესიონალურ სპორტში მსგავსი ინექციები აკრძალულია, თუმცა მესი იმ დროს ბავშვი იყო და ეს მისი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროცენდურა იყო. მეორე მხრივ, ლიონელ მესი აბსოლუტურად სუფთა მედიკამენტებს იღებდა ყოველგვარი დანამატების გარეშე, რაც დოპინგად ნამდვილად არ ითვლება.

„ყველაზე პატარა ვიყავი მოედანზეც, სკოლაშიც, ეზოშიც. ამიტომაც, ყოველდღიურად ნემსების გაკეთება მიხდებოდა.ასე გრძელდებოდა დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე მანამ, სანამ შედეგი არ გამოიღო“, - ამბობს ლიონელ მესი.

ავადმყოფობიდან ლეგენდობამდე: "ყველაზე დაბალი ვიყავი და ყოველდღე ნემსები მჭირდებოდა"

ლეო თავისი გოლების, მოგებული ტურნირების, სამომავლო გეგმების და ბევრი სხვა მიზნების თაობაზე უყვებოდა თავის ექიმს, შვარდცშტაინს. ხოლო ექიმმა კი ერთხელ მესის შემდეგნაირი პასუხი დაუბრუნა: „არ ვიცი გახდები თუ არა მარადონაზე უკეთესი მოთამაშე, თუმცა ვიცი, რომ მასზე მაღალი იქნები“

ამგვარად, ყველაფერი ახდა. ლიონელ მესის სიმაღლე ამ დროისთვის 1 მეტრს და 69 სანტიმეტრს შეადგენს, ხოლო მარადონა კი ლიონელზე 2 სანტიმეტრით დაბალია. 

არგენტინაში მკურნალობა ჩაიშალა. ბარსელონაში გაფრენის დრო დადგა.

რაც უფრო გადიოდა დრო, ლიონელ მესის მდგომაროება მით უფრო მძიმე ხდებოდა. 90-იანების დასაწყისიდან, არგენტინაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რაც აბსოლუტურად ყველაფერზე აისახა. სოციალური ფენების დიფერენციაცია არ იძლეოდა კარგი და ხარისხიანი მკურნალობის საშუალებას. ეკონომიკური კრიზისის ფონზე კი, მესის, როგორც სხვა არგენტინული ოჯახების მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა.

ავადმყოფობიდან ლეგენდობამდე: "ყველაზე დაბალი ვიყავი და ყოველდღე ნემსები მჭირდებოდა"

არგენტინაში კურსის გაგრძელება უფრო და უფრო უარესდებოდა, ამიტომაც ლიონელის ოჯახს ბარსელონაში გადასვლა მოუწია:
„კურსის შეწყვეტა არაფრით შეიძლებოდა. მესის მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლებოდა, თუმცა კურსის შეწყვეტის შემთხვევაში, ახლა მესი დაახლოებით 1 მეტრი და 50 სანტიმეტრი იქნებოდა“, - ამბობს შვარდშტაინი.

ამის შემდეგ, მესის დახმარება გაუწიეს ბუენოს-აირესელმა ბიზნესმენებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ ლიონელ მესის ტალანტის თაობაზე. ისინი საფეხბურთო კლუბი „ბარსელონას“ ხელმძღვანელების ნაცნობები იყვნენ, ასე რომ, მესის დაკავშირება ამ კლუბთან მათ არ გასჭირვებიათ. ეს ადამიანი გახლდათ ჟოსეპ მარია მინგელიე - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აგენტი საფეხბურთო ისტორიაში. სწორედ ის გახლდათ „ბარსელონაში“ ისეთი მოთამაშეების მიყვანის ინიციატორი, როგორებიც: რომარიო, დიეგო მარადონა და ხრისტო სტოიჩკოვი არიან.

„პირველად მესი მაშინ ვნახე, როცა ის დაახლოებით 12 წლის იყო. ის ძალიან დაბალი და სუსტი იყო. ფიზიკური მონაცემების მიხედვით, მის შესაძლებლობებში ეჭვი მეპარებოდა. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ის კარგი ფეხბურთელი გახდებოდა“ , -იხსენებს მინგელია - „თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი ვიდეოები ვიხილე და დავრწმუნდი მის ფენომენალურობაში, მივხვდი, რომ ეს ბიჭი ნამდვილი ტალანტი იყო. ის არ იყო იმ პლანეტიდან, სადაც ჩვეულებრივ იბადებიან არქიტექტორები, ექიმები, დიდებული მუსიკოსები... ის იყო სადღაც სხვა პლანეტიდან“

თავიდან კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები მესის ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებდნენ, თუცა მინგელიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კლუბს პოზიცია შეეცვალა. ის ლიონელ მესის ოჯახს რეგულარულად ეხმარებოდა.

„ვარჯიშებზე ყველა კარგად ხედავდა, თუ რა შეეძლო მესის რეალურად. მისი შესაძლებლობები ყველას მოსწონდა, თუმცა ლეო იმდენად ტანდაბალი იყო, რომ შეუძლებელიც კი გახლდათ მასში ეჭვი არ შეგეტანათ.

ერთხელაც „კამპ ნოუს“ ერთ ნახევარზე, ლეო უფროს მოთამაშეებთან ათამაშეს. ამ გზით, ისინი ცდილობდნენ დაედგინათ, შეძლებდა თუ არა ლიონელი განვითარებას და უფროსი ასაკის მოთამაშეებში დამკვიდრებას. ლეომ ფანტასტიკურად ითამაშა. ის იყო ყველაზე გამორჩეული მოედანზე. ამ მატჩს „ბარსელონას“ ხელმძღვანელებთან ერთად კლუბის პრეზიდენტიც ესწრებოდა და ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ეს ფეხბურთელი არაამქვეყნიური ნიჭის პატრონი იყო.

დოკუმენტები 2001 წლის მარტამდე მზადყოფნაში იყო. ინექციის პირველი კურსი მესიმ ბოლომდე დაასრულა და მიიღო საჭირო ჰორმონები სიმაღლისთვის. კატალონიური კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ჟოან ლაკუევამ მესის მამას 152 ათასი პესო მისცა შვილის მკურნალობისთვის.

„ბარსელონა იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც ჩემი მკურნლობის დაფინანსებას დათანხმდა. გუნდმა ჩემთვის ყველაფერი გააკეთა და მე მისთვის ვითამაშებ მანამ, სანამ მას დავჭირდები“, - ამბობს ლიონელ მესი.

ახლა კი თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა კითხვის ნიშანს ფარდა აეხადა და ლეგენდები, რომელთა მიხედვითაც ლიონელ მესი კატალონიის „ბარსელონას“ დატოვებას აპირებს, ლეგენდებად დარჩება. მესი ეკუთვნის „ბარსელონას“ და „ბარსელონა“ ეკუთვნის მესის მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. და თუ ოდესმე ლიონელი კატალონიურ კლუბს დატოვებს, ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილება არ იქნება.

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად Goal.Ge-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები