ტოპ 10 ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ტოპ 10 ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე


ტოპ 10 ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის გასულ ტურში ძალიან საინტერესო ინგლისურ-იტალიური დაპირისპირებები გაიმართა. "მანჩესტერ სიტიმ" დაძაბულ ბრძოლაში "ნაპოლი" დაამარცხა, "ჩელსიმ" და "რომამ" კი უდავოდ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და დრამატული მატჩი ჩაატარეს და 3:3 დააფიქსირეს ტაბლოზე. გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგის სხვა დასამახსოვრებელი ბატალიები, რომელშიც პრემიერლიგისა და სერია ა-ს წარმომადგენლები შეებრძოლნენ ერთმანეთს.

10. ნაპოლი-მანჩესტერ სიტი 2:1 (2011 წელი, ჯგუფური ეტაპი)

ტოპ 10 ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

ეს დუელი იმით იყო განსაკუთრებული, რომ ორივე გუნდი თავის სადებიუტო სეზონს ატარებდა ლიგაზე. "ნაპოლისა" და "სიტისთან" ერთად ჯგუფში "ბაიერნი" და "ვილიარეალი" იყო. ე.წ. "სიკვდილის ჯგუფიდან" გერმანული და იტალიური გუნდი გავიდა. მიუნხენური გრანდის პლეი-ოფში ხილვა ეჭვგარეშე იყო, დანარჩენებს კი გვარიანი ოფლისღვრა მოუწიათ მეორე ადგილის დასაკავებლად. საბოლოოდ ყველაფერი "სტადიო სან პაულოზე" გადაწყდა, "ნაპოლიმ" დაძაბულ ბრძოლაში 2:1 მოუგო მანჩესტერულ კლუბს და "ქალაქელები" ევროპა ლიგაზე გაუშვა.

9. ფიორენტინა-მანჩესტერ იუნაიტედი 2:0 (2000 წელი, 1/8 ფინალის ჯგუფური ეტაპი)

ტოპ 10 ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

მართალია "ფიორენტინა" 1/8 ფინალს ვერ გასცდა, თუმცა ევროპულ გრანდებს სისხლი გაუშრო. ჩემპიონთა ლიგის საწყის ეტაპზე ფლორენციულმა კლუბმა "არსენალი" იმსხვერპლა და კატალონიის "ბარსელონასთან" არკვევდა ჯგუფში პირველ ადგილოსანის ვინაობას. შემდეგ ეტაპზე "იებს" "მანჩესტერ იუნაიტედი," "ვალენსია" და "ბორდო" ელოდათ. "ფიორენტინამ" კარგად დაიწყო, იტალიურმა კლუბმა პირველ 3 ტურში 7 ქულა აიღო. ჯგუფური ეტაპის მეორე ნახევრის ჩაგდების შედეგად კი 1/4 ფინალის მიღმა დარჩნენ. "იების" რიგებში ბრწყინავდნენ რუი კოშტა, ტოლდო, ბალბო და რა თქმა უნდა გუნდის სიმბოლო ბატისტუტა. სწორედ არგენტინელი გოლეადორის უშუალო დამსახურებით დაამარცხა "ფიორენტინამ" ლიგის მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერ იუნაიტედი".

8. ჩელსი-ნაპოლი 4:1 (2012 წელი, 1/8 ფინალი)

ტოპ 10 ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება "ნაპოლის" გამარჯვებით 3:1 დასრულდა. "არისტოკრატები" საპასუხო მატჩისთვის ძალიან რთულ მდგომარეობაში იყვნენ. რომან აბრამოვიჩმა ანდრე ვილა-ბოაში რობერტო დი მატეოთი ჩაანაცვლა და სასწაულის მოხდენის იმედად იყო დარჩენილი. სენსაცია შედგა, "ჩელსიმ" ძირითადი დრო ანალოგიური ანგარიშით 3:1 მოიგო, დამატებითში კი კიდევ ერთი ბურთი შეაგდო და ნეაპოლური კლუბი დამწუხრებული გაუშვა სახლში. როგორ დაასრულეს საბოლოოდ სეზონი დი მატეოს ბიჭებმა ყველას კარგად გვახსოვს.

7. ინტერი-ტოტენჰემი 4:3 (2010 წელი, ჯგუფური ეტაპი)

ტოპ 10 ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

ლიგის მოქმედი ჩემპიონებისთვის თამაში ფანტასტიურად დაიწყო, "ინტერი" 35-ე წუთისთვის უკვე 4-0-ს იგებდა. მეორე ტაიმში კი გაიღვიძა ურჩხულმა სახელად გარეტ ბეილი. უელსელმა იმ დროისთვის ჯერ კიდევ განაპირა მცველმა "ნერიაძურის" ფლანგელებს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო და 3 გოლი გაუტანა. ბეილს უბრალოდ დრო არ ეყო, თორემ ეჭვგარეშეა, რომ იგი მეოთხესაც შეუგდებდა ჟულიო სეზარს. ეს იყო უელსელის პირველი გაელვება ევროპაში, მაიკონს კი ის მატჩი დღემდე ღამის კოშმარებში ესიზმრება.



6. ლივერპული-იუვენტუსი 2:0 (2005 წელი, 1/4 ფინალი)

ტოპ 10 ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

ამ წყვილში ფავორიტად ტურინული კლუბი იყო მონათლული, რომელმაც 1/8 ფინალში გალაქტიკოსთა "რეალი" გააგდო, თუმცა გულშემატკივრების პროგნოზები არ გამართლდა. "ლივერპულმა" დამაჯერებლად სძლია "იუვენტუსს" და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამ დუელში ყველაზე გამოსარჩევი იყო "წითლების" შემტევი ლუის გარსია, რომელმაც ბუფონს ულამაზესი გოლი გაუტანა.

5. მილანი-მანჩესტერ იუნაიტედი 3:0 (2007 წელი, 1/2 ფინალი)

ტოპ 10 ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

2007 წელს ლიგის 1/2 ფინალში 3 ინგლისური კლუბი და "მილანი" იყო. პრემიერლიგის დომინირება იმდენად მაღალი იყო, რომ ყველა ბრიტანულ ფინალს ელოდა, თუმცა "როსონერიმ" ალბიონელთა გეგმები არია. ამ გუნდების პირველი რაუნდი "წითელი ეშმაკების" სასარგებლოდ 3:2 დასრულდა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში კარლო ანჩელოტის შეგირდებმა უშანსოდ დატოვეს რონალდუ და ბიჭები. ამ დაპირისპირებაში, ისევე როგორც მთლიან 2006-2007 წლის სეზონში შეუჩერებელი იყო კაკა, რომელმაც მანჩესტერელთა მცველები პატარა უმაქნისი ბავშვების როლში ჩააგდო.

4. იუვენტუსი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:3 (1999 წელი, 1/2 ფინალი)

ტოპ 10 ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

პირველი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" 1:1 დასრულდა, საპასუხო მატჩის მე-11 წუთისთვის კი "ბებერი ქალბატონი" უკვე 2:0-ს იგებდა და ლიგის ფინალისთვის აწყობდა გეგმებს. ფერგიუსონის ბიჭებმა ზუსტად 23 წუთში გაათანაბრეს და თამაშის ბოლოსკენ მესამე გოლიც გაიტანეს. "დელე ალპიზე" დამსწრე პუბლიკამ მატჩის შემოტრიალების სასწაული ფაქტი იხილა "წითელი ეშმაკების" შესრულებით, თუმცა მთავარი "ქამბექი" "იუნაიტედმა" ფინალში გააკეთა "ბაიერნის" წინააღმდეგ.

3. მილანი-ლივერპული 2:1 (2007 წელი, ფინალი)

ტოპ 10 ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბარიერის დაძლევის შემდეგ, "მილანს" ფინალში არანაკლებ მრისხანე "ლივერპული" ელოდა, რომელთანაც ორი წლით ადრე სასწაულად დათმო ლიგის თასი. ამჯერად "როსონერიმ" ფილიპო ინძაგის დუბლის წყალობით მოუგო "წითლებს" და სანატრელ ტიტულსაც დაეუფლა. ერთი შეხედვით რევანში აღებული იყო, თუმცა ფეხბურთის გულშემატკივართა უმეტესობის აზრით, სტამბულურ ფინალს ვერაფერი გადაწონიდა.

2. მანჩესტერ იუნაიტედი-რომა 7:1 (2007 წელი, 1/4 ფინალი)

ტოპ 10 ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

ამ მატჩზე სასირცხვილო იტალიურ ფეხბურთში არაფერი ყოფილა. რომაული კლუბი უბრალოდ მიწასთან გასწორდა "ოლდ ტრაფორდზე" ისე, რომ "ჯალოროსოს" ხსენებისას ყველას თავში ახლაც სწორედ ის 7 გოლი მოსდის. რა თქმა უნდა იმ დროს "იუნაიტედი" სასწაულ ფორმაში იყო და ლიგის მოგების უმთავრეს ფავორიტადაც ითვლებოდა, თუმცა მსგავს განადგურებას მაინც არავინ ელოდა. მომავალში კი დრომ გვიჩვენა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 7 ბურთის გაშვება "რომასთვის" იშვიათობა სულაც აღარ იყო.


1. მილანი-ლივერპული 3:3 (პენ. 2:3) (2005 წელი, ფინალი)

ტოპ 10 ინგლისურ-იტალიური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

"მილანის" სწორედ ის სტამბულური კოშმარი, რომელსაც ალბათ შემდეგ საუკუნეშიც გაიხსენებენ. ფენომენალური პირველი ტაიმის შემდეგ (3:0), ტაბლოზე დაფიქსირებული 3:3 და პენალტების სერიაში წაგებული ფინალი. ამ დაპირისპირებაზე საუბარი უსასრულად შეიძლება, თუმცა ფაქტია, რომ სანახაობის, დრამატულობის, ინტრიგისა და მასშტაბურობის მხრივ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის სტამბულური ფინალი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენა იყო, "ლივერპულმა" შეუძლებელი შეძლო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები