ევროპის ჩემპიონატის გამართვის იდეა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ფორმირდებოდა, თუმცა აღნიშნულ ინიციატივას ფიფა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ყოვლისშემძლე ორგანიზაცია თვლიდა, ფეხბურთის საკონტინენტო ასოციაციებად დაყოფა, მის გავლენას შეასუსტებდა.
როგორც არ უნდა ყოფილიყო, ევროპული ფეხბურთის დამოუკიდებელ ასოციაციაში გადასვლა - გარდაუვალი იყო. 1954 წელს შეიქმნა უეფა, ზუსტად ექვსი წლის შემდეგ კი სამყარომ ევრო-1960 იხილა. ტურნირის გამართვის ფორმატი, თავისი თანამედროვე ანალოგისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.
თავდაპირველად იყო ორი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელშიც ნაკრებები ორრაუნდიან დაპირისპირებაში ერთმანეთის გამოგდებას ცდილობდნენ. შედეგად, ევროზე საუკეთესო 4 გუნდი ხვდებოდა. 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მონაწილეობა 17-მა ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო.
უარი მოვიდა ისეთი გრანდებისგან, როგორებიც არიან იტალია, გერმანია, ინგლისი და ჰოლანდია. საჭირო იყო რვა წყვილის შედგენა და შესაბამისად, მე-17 ნაკრების მოშორება. შესარჩევის ფინალური საგზური გათამაშდა ირლანდიასა და ჩეხოსლოვაკეთს შორის, გამარჯვებულები "ლურჯ-წითლები" გამოვიდნენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის 16 ნაკრებს შორის იყო საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების კავშირის ეროვნული გუნდიც, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი უნგრეთთან დუელით გახსნა. სსრკ-მ, რომლის შემადგენლობაში ბრწყინავდნენ სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი, "მადიარები" ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა.
კარპატელებთან პირველ შეხვედრაში, ერთ-ერთი გოლი მეტრეველმა გაიტანა. ცნობისთვის, აღნიშნულ მატჩს, რომელიც გაიმართა მოსკოვში, 100 ათასი ქომაგი დაესწრო. მოკლედ, "წითლები" თავაწეულად გავიდნენ მეორე რაუნდში, სადაც მათ უძლიერესი ესპანეთი ელოდებოდათ.

არსებობს მოსაზრება, რომ იმ ფორმაციის "ფურია როხა" თავისი ისტორიის განმავლობაში საუკეთესო იყო. თავად განსაჯეთ - "ხარების" შემადგენლობა დაკომპლექტებული იყო მადრიდის "რეალისა" და "
ბარსელონას" მოთამაშეებით, რომლებიც ჩემპიონთა თასსა და ბაზრობათა თასს მეტოქეების შემჩნევის გარეშე იგებდნენ.
პირენეელთა შემადგენლობაში ბრწყინავდნენ ფრანსისკო ხენტო, ლუის სუარესი და ორი ნატურალიზებული სუპერ-ვარსკვლავი - ალფრედო დი სტეფანო და ლასლო კუბალა. იმ დროს ერთი ეროვნული გუნდიდან მეორეში გადასვლა ძალიან მარტივი იყო. აღნიშნულ დრიმ თიმს ლეგენდარული ელენიო ერერა წვრთნიდა.
დიახ, სწორედ ის, ვინც მოგვიანებით
მილანის "ინტერში" კატენაჩოს ააწყობს და ზედიზედ ორ ჩემპიონთა თასს მოიგებს. ცუდი არც "არმიაზე" ითქმოდა, თუმცა ობიექტურად, ფავორიტად ესპანეთი მოიაზრებოდა. გავრილ კაჩალინის გუნდთან დუელამდე, "ფურია როხამ" მიწასთან პოლონეთი გაასწორა (4:2; 3:0).
პირველი შეხვედრა მოსკოვში უნდა გამართულიყო და "ხარების" დასახვედრად ყველაფერი მზად იყო, თუმცა მოგვიანებით, მატჩამდე ოთხი დღით ადრე, გენერალმა ფრანსისკო ფრანკომ თანამემამულეებს სსრკ-ში ჩასვლა აუკრძალა. უხეშად რომ ვთქვათ, ესპანელს ეშინოდა, რომ მისი ქვეყნის გუნდის წევრები კომუნისტური გავლენის ქვეშ მოექცეოდნენ.

დიქტატორს კატეგორიულად არ სურდა, რომ პირენეელებს ჰქონოდათ რაიმე საერთო საბჭოთა კავშირთან და ცნობისთვის, მისი გადარწმუნება ვერც უეფამ მოახერხა. შედეგად, ევროპული ფეხბურთის ასოციაციამ ერერას გუნდი შესარჩევს მოკვეთა და ამასთან ერთად, 200 შვეიცარული ფრანკითაც დააჯარიმა.
შეიძლება ითქვას, კონტინენტის უძლიერესი ნაკრები თავისი მმართველის პოლიტიკურ გამოხტომებს შეეწირა. ბევრის აზრით, "წითლები" ამ ფორმაციის ესპანეთს ვერ გაცდებოდნენ და შესაბამისად, ევრო-1960 წარიმართებოდა სხვა სცენარით, კერძოდ: "ფურია როხას" ტრიუმფით. ამ მოსაზრებას აქვს მეორე მხარეც:
გავიხსენოთ ზუსტად ორი წლის შემდეგ გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც "არმიელებმა" თავის ჯგუფში დაიკავეს პირველი პოზიცია, "ხარებმა" კი ბოლო. პირენეელთა შემადგენლობა იყო პრაქტიკულად უცვლელი, უბრალოდ ნატურალიზებული კუბალას ადგილი დაიკავა სხვა ვარსკვლავურმა ლეგიონერმა: ფერენც პუშკაშმა.

დავუბრუნდეთ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს. ერთი სიტყვით, კაჩალინის გუნდს თამაშის გარეშე ჩამოშორდა ურთულესი მოწინააღმდეგე, რაც ევრო 1960-ზე ავტომატურად მოხვედრას ნიშნავდა. სამწუხაროდ, სპექტაკლი სახელად "მესხი/მეტრეველი - დი სტეფანო/კუბალა/სუარესი/ხენტოს წინააღმდეგ", არ შედგა.
რა მოხდა უშუალოდ ევროპის ჩემპიონატზე, კარგად ვიცით. საბჭოთა კავშირმა გაანადგურა ჩეხოსლოვაკეთი და გავიდა ფინალში, სადაც მას იუგოსლავია ელოდებოდა. ევრო 1960-ის დასკვნითი მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მილან გალიჩის გოლს უპასუხა მეტრეველმა, დამატებითი დროის 113-ე წუთზე კი ვიკტორ პონედელნიკმა სსრკ-ს აქტივში ქამბექი და ევროპის ჩემპიონობა ჩაწერა.
მეტრეველისა და მესხის გარდა, "წითლების" შემადგენლობაში ირიცხებოდნენ გივი ჩოხელი და ზაურ კალოევი. ლევ იაშინს, იგორ ნეტოსა და ვალენტინ ივანოვს ზედმეტი წარდგენა არ სჭირდებათ. ბოლოს იმასაც დავამატებთ, რომ ზემოაღნიშნულ ლეგენდებთან ერთად, ევრო 1960-ის სიმბოლურ გუნდში ჩვენი სლავაც მოხვდა.
UEFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 1960 წლის საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაზე სიახლეც დევს.
სიაში სლავა მეტრეველი, გივი ჩოხელი და მიხეილ მესხიც არიან და ისინი თავად ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ შეაფასა.
სლავა მეტრეველზე UEFA წერს: "მარჯვენა შემტევი ნახევარმცველი, რომელმაც 1960 წლის ევროპის ჩემპიონატზე საკუთრი კვალი დატოვა, ასევე, საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ისტორიაზეც. მან, ფინალში იუგოსლავიას გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა. მეტრეველმა ამის შემდეგ სამ სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა (1962, 1966, 1970). ქართველი ფეხბურთელი 1956-1962 წლებში მოსკოვის "ტორპედოში" გამოდიოდა, შემდეგ კი თბილისის "დინამოში" გადავიდა. სლავა 1998 წელს გარდაიცვალა", - წერია UEFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
გივი ჩოხელი - მაღალი და ფიზიკურად ძლიერი მცველი. მისი მთავარი პლიუსი საჰაერო ორთაბრძოლები იყო. გივი ჩოხელი 1960 წლის ევროპის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო (23 წლის). ის 28 წლის ასაკში იძულებული გახდა, რომ კარიერისთვის თავი დაენებებინა და "
დინამო თბილისის" სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა - წერს UEFA.
მიხეილ მესხი - მისი ზედმეტი სახელი "ქართველი გარინჩა" იყო, მარცხენა ფლანგზე შთამბეჭდავი გარღვევების გამო. მესხმა ნაკრებში 25 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო. ასევე, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის 286 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 50 გოლი გაიტანა.