"სიკვდილს გადაგვარჩინა", - რას წერს MARCA საქართველოსთან მატჩზე?
დღევანდელ დაპირისპირებას ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ესპანური გამოცემა MARCA შემდეგნაირად გამოეხმაურა:
"თბილისში, "დინამოს" საშინაო სტადიონ "ბორის პაიჭაძეზე", 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის მატჩში, დანი ოლმომ მეორე ტაიმის კომპენსირებულ მეორე წუთზე გაიტანა და ესპანეთმა საქართველო დრამატულად დაამარცხა - 2:1.
მიუხედავად აღებული სამი ქულისა, დღევანდელი თამაში მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესა და საკვალიფიკაციო განრიგის დარჩენილი ნაწილისადმი მის მიდგომაზე კითხვებს აჩენს.
საქართველოს გამო, ესპანეთი თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასპინძლებმა კონტრშეტევა დაიწყეს, შეზღუდული რაოდენობის გულშემატკივრების მძვინვარე მხარდაჭერის ფონზე.
ესპანეთის გვერდითა ხაზზე ლუის ენრიკე შეშფოთებული ჩანდა, სიტუაციამ კი შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ უფრო საგანგაშო სახე მიიღო, როცა ქართველთა შეტევა ხვიჩა კვარაცხელიამ დაასრულა, რომელმაც მასპინძლები წინ გაიყვანა - 1:0.
ესპანეთმა მეორე ნახევარი შესამჩნევად უკეთ დაიწყო და მალე "ლა როხამ" წონასწორობა აღადგინა. ხორდი ალბამ მარცხენა ფრთიდან ჩააწოდა, მაგრამ ალვარო მორატა ბურთს ვერ შესწვდა, თუმცა ფერან ტორესმა მოახერხა კარში დარტყმა.
სიტუაცია გამწვავებული იყო, როცა თამაში დასკვნით ნახევარ საათს მიუახლოვდა და ესპანეთს იმპულსის შენარჩუნება უნდოდა, მაგრამ ამასთანავე საქართველოს მარცხენა ფლანგზე მყოფ ბრწყინვალე კვარაცხელიასაც უფრთხოდა.
ბოლო წუთებზე მთელი ესპანეთი ათამაშდა და მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო: ოლმოს შორეულ დარტყმას მეკარე გიორგი ლორია თითის წვერებით შესწვდა, თუმცა ბურთი ბადეში გაეხვა. დრამატული გამარჯვება - 2:1".
ასევე იხილეთ:
ლუის ენრიკე: "ქართველებს ასეთი გაბედულობა გულშემატკივარმა მისცა"
ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე: "ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე მაღალი დონის მოთამაშეა"