რა კავშირშია მანჩესტერ სიტი მიქაუტაძის ანდერლეხტში შესაძლო ტრანსფერთან?
როგორც მოგეხსენებათ, ბელგიური პრესა "სერენის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის სახელს "ანდერლეხტს" უკავშირებს.
Voetbalnieuws.be-ს თანახმად, ქართველი ფორვარდის მომავალი დამოკიდებულია ბრიუსელური გრანდის შემტევის, ლუკას ნმეჩას პოზიციაზე.
გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წინახაზელი არის "მანჩესტერ სიტის" საკუთრება და იმ შემთხვევაში, თუ "ქალაქელები" მას დაიბრუნებენ, ბელგიელები სწორედ "მეცის" საკუთრებაში მყოფი გოლეადორის ტრანსფერზე ამუშავდებიან.
იგივე წყაროს მტკიცებით, "თეთრ-იასამნისფრები" განიხილავენ სხვა თავდამსხმელებსაც, მაგალითად - ჯოშუა ზირკზეს, ადოლფო გაიჩსა და ხუან ბრუნეტას.
აქვე დავამატებთ, ვენსან კომპანის გუნდის ინტერესის პარალელურად, მიქაუტაძეს "მეცმა" მოქმედი ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.
ქართველი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის 1.2 მილიონ ევროს შეადგენს და არაა გამორიცხული, სეზონის დასრულების შემდეგ, მისმა ფასმა კიდევ უფრო მოიმატოს.
ასევე იხილეთ:
რატომ საქართველო და არა საფრანგეთი? - მიქაუტაძის საინტერესო პასუხი სანაკრებო კარიერის შესახებ